ახალი ამბები

რა დაადგინა რეალურად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე

7 დეკემბერი, 2018 • 1718
რა დაადგინა რეალურად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე

ევროსაბჭოს (ევროპის საბჭოს – CoE) მინისტრთა კომიტეტმა 6 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით  დაადგინა, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნის საჭიროება არ დგას, თუმცა ხაზი გაუსვა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის ხელახალი გამოძიების მნიშვნელობას.

მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველი ორგანოა, მიიჩნია, რომ “ამჟამად არ ჩანს შესაფერისი ან საჭირო”, რომ საქართველოს მთავრობას მოუწოდონ, მერაბიშვილის გათავისუფლება უზრუნველყოს.

ამას კომიტეტი რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის: მერაბიშვილი რამდენიმე ბრალდებით იხდის სასჯელს, მათ შორის ენუქიძის და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, და იგი 2020 წლის 21 თებერვლამდე იქნება პატიმრობაში; სტრასბურგის სასამართლომ უარყო მერაბიშვილის არგუმენტი, რომ მისი დაპატიმრება და წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას.

თუმცა მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელაა აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილების შემდეგი ნაწილიც – სასამართლომ მიიჩნია: წინასწარი პატიმრობის დროს, რომელიც უნდა განიხილებოდეს, როგორც უწყვეტი სიტუაცია, განმცხადებლის თავისუფლების შეზღუდვის თავდაპირველი მიზეზი შეიცვალა. თავდაპირველად, ეს იყო დანაშაულის გამოძიება გონივრული ეჭვის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით იგი გადაიქცა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებად, რაც 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტმა აჩვენა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-18 მუხლის დარღვევას 5 § 1-თან მიმართებით.

კომიტეტის დასკვნაში “ინტერესითაა აღნიშნული”, რომ დაწყებულია ახალი გამოძიება 2013 წლის 14 დეკემბრის — მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან — დაკავშირებით.

“ამ ინციდენტში მთავარი პროკურორის [ოთარ ფარცხალაძე] როლისა და წინა გამოძიებების პროცესში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, რათა უზუნველყოს ახალი გამოძიების ინსტიტუციური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც, შესაძლოა, [საქმეში] გარეული ყოფილიყო”.

ამასთან, აპლიკანტს, ანუ მერაბიშვილის, უნდა ჰქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რასაც ახალი გამოძიება გამოავლენს;

გამოძიება, კომიტეტის რეკომენდაციით, უნდა იყოს ყოვლისმომცველი და უნდა მოახერხოს, გამოავლინოს “ვინაობა და კრიმინალური პასუხისმგებლობა მე-18 მუხლის დამრღვევებისა”. ასევე, გამოძიება “ბეჯითად და სწრაფად უნდა დასრულდეს, ასევე, გამოძიების ფარგლები საკმარისად ფართო უნდა იყოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ფაქტებს, რის გამოც [მე-18 მუხლის] დარღვევა დადგინდა, რაიმე ზეგავლენა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაზე”.

7 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის არგუმენტები მერაბიშვილის საქმეზე, ხოლო უარყო მისი ადვოკატების არგუმენტები.

“ცალსახად ითქვა, რომ მისი წინასწარი დაკავება და პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან სწორედ ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში. ასევე ითქვა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე, სადაც დადგინდა დარღვევა, გამოძიება განახლდა”, – განაცხადა წულუკიანმა.

თუმცა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე, რომელიც წარსულში მერაბიშვილის უფლებებს იცავდა, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ “პირველად დადგა ეჭვქვეშ მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები” და კომიტეტმა დაავალა სახელმწიფოს, გამოიძიოს მთავარი პროკურორის მხრიდან პატიმარზე განხორციელებული ზეწოლის კავშირი მის სისხლისსამართლებრივ პროცედურებთან;

ამასთან, კახიძის თქმით, მინისტრთა კომიტეტმა მოითხოვა არა მხოლოდ გამოძიება, არამედ რაც მთავარია, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა;

და, ბოლოს, კახიძის თქმით, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მერაბიშვილს წარმოეშვა უფლება, მოითხოვოს მისი განაჩენების გადასინჯვა.

მერაბიშვილის საქმის შესახებ კომიტეტი, სავარაუდოდ, იმსჯელებს მარტში, 1348-ე სხდომაზე.


მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. 2014 წლის 17 თებერვალს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წლის ნოემბერში სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ:

  • ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5 § 1 მუხლი, (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), რაც მერაბიშვილის დაკავებას ან მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხებოდა;
  • ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5 § 3 მუხლი, რაც მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის თავდაპირველ შეფარდებას ეხება;
  • ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა 5 § 3 მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ  მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების  გარეშე;
  • 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 5 § 1 მუხლთან მიმართებით – მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდში;

სტრასბურგმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი