18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება – დარღვევები გადასატანი ყუთით. ხმის მიცემასთან დაკავშირებით თელავის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში არაუფლებამოსილ პირთა 2 ხელმოწერა დაფიქსირდა. საიას დამკვირვებლის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადასატანი ყუთის სიაში მყოფ 2 ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული. ინფორმაცია გადამოწმდა უშუალოდ ამომრჩევლებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სიაში დაფიქსირებული ხელმოწერა მათ არ ეკუთვნოდათ და გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. საიას დამკვირვებელმა გადაწყვიტა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დაწერა, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისია არ აძლევდა მას საჩივრის დაწერის შესაძლებლობას. მოგვიანებით პრობლემა მოგვარდა და საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. მოთხოვნილ იქნა გადასატანი ყუთის ბათილობა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, არამედ ის შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს (,,არჩევნების გაყალბება“ მუხ.1643).
ვაკეში #2 უბანზე გადასატანი ყუთზე კომისიის წევრებს 22 ცალი სამივე სახის ბიულეტენი გაატანეს. უბანზე კი დაბრუნდა 5 მერობის, 2 პროპორციული და 2 მაჟორიტარული ბიულეტენი. საიას დამკვირვებელმა მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა.
დამკვირვებლის საქმიანობისათვის ხელის შეშლა- შემოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 35-ე საარჩევნო უბანზე „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელზე ამომრჩეველმა განახორციელა მუქარა. საიას დამკვირვებლის მიერ გადამოწმდა ეს ინფორმაცია და გამოირკვა, რომ უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელიც პირადობის მოწმობის გარეშე ითხოვდა არჩევნებში მოანაწილეობის მიღებას. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა, რომელსაც ამომრჩეველმა სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა და მუქარის ტონით განუცხადა, რომ იგი ყოფილი პოლიციელი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებინეს.
საბურთალოს N44, ჩუღურეთის N2 უბანბზე 20:00 საათის შემდეგ არ შეუშვეს საიას დამკვირვებელი.
საბურთალოს 85-ე საარჩევნო უბანზე გამოცხადდა შეიარაღებული პიროვნება. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მას არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება და კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ აღნიშნული პიროვნება იარაღის გარეშე დაბრუნდა უბანზე და ხმის მიცემის შემდგომ დატოვა საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები საიას დაუკავშირდნენ მოქალაქეები, სოფიო კირვალიძე და იამზე შინჯიკაშვილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მონაცემები არ არის შეტანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების ყოფნა საარჩევნო უბნის ტერირორიაზე- ხონის N10 საუბნო საარჩევნო დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტების შემდეგი კანდიდატების ყოფნის ფაქტი: დურმიშხან ტაბიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მელიტონ გუგავა- შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია, კახა ფირცხალავა- საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება.“ ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 116 საჩივარი და 113 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.








