ახალი ამბები

“ცეცხლს ეთამაშებით” -რატომ ჩაშალეს ადგილობრივებმა “ხელედულა ჰესის” პროექტის განხილვა

7 დეკემბერი, 2018 • 5960
“ცეცხლს ეთამაშებით” -რატომ ჩაშალეს ადგილობრივებმა “ხელედულა ჰესის” პროექტის განხილვა

“არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხარე განადგურდეს!” ; “მხოლოდ თბილისში მთელი ქვეყანა ვერ დაეტევა,”; “სისხლი დაიღვრება და მოსახლეობა განადგურდება!”  – ამ შეძახილებით დღეს, 7 დეკემბერს, “თბილისი მარიოტში” ლენტეხის ადგილობრივმა მოსახლეობამ “ხელედულა ჰესის” პროექტის განხილვა ჯერ გააპროტესტა, შემდეგ კი ჩაშალა.

ჰესის მოწინაღმდეგეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი ჰესს ააშენებს, მათი ფიზიკური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საპირწონედ კი კომპანია “ხელედულა ენერჯი” ამბობს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ჰესის აშენების შემთხვევაში, მოსახლეობას დამატებით სოციალურ მხარდაჭერას ჰპირდება.

შპს “ხელედულა ენერჯი” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 51 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მდინარე ხელედულასა და მდინარე დევაშის ბუნებრივ ჩამონადენზე იმუშავებს. პროექტის ავტორების მიხედვით, ერთ-ერთი კაშხალი სოფელი ხელედის მიმდებარედ უნდა აშენდეს.

როგორც თავად ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ისინი ამ პროექტს, ფაქტობრივად, შექმნის დღიდან აპროტესტებენ, ვინაიდან პროექტში მათი უფლებები და საცხოვრებელი გარემო გათვალისწინებული საერთოდ არ არის.

ხეობის ერთ-ერთი მცხოვრები რიმა ლიპარტელიანია, რომელმაც ნეტგაზეთს უთხრა, რომ ერთხელ ამ ადგილას მეწყერმა უკვე შეიწირა სამი ადამიანი, მათ შორის მისი 18 წლის ძმა. როგორც რიმა ლიპარტელიანი განმარტავს, ჰესის აშენების შემთხვევაში, მეწყრები და ღვარცოფები გახშირდება, ხოლო მთა, რომლის ქანებიც ისედაც შესუსტებულია, ჩამოინგრევა და მოსახლეობასაც შეიწირავს.

“როგორც ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა, მეც ვეწინააღმდეგები ამ პროექტის განხორციელებას იმიტომ, რომ მე ეს მხარე შესწავლილი მაქვს მისი ნიადაგური პირობებიდან დაწყებული, მცენარეული საფარით დამთავრებული, ყველაფერი შევისწავლე. ამ კვლევას 40 წელიწადი მოვანდომე. ჩემი სადოქტორო დისერტაცია და სხვა მეცნიერული ნაშრომები ამ საკითხს მივუძღვენი.

ამ ხეობას სჭირდება გაფრთხილება, ერთი პატარა მიწისძვრაც კი საშიშია ამ ხეობისთვის. მე კომპანიას ვაფრთხილებ, რომ სვანეთს არ შეეხოს. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ტერიტორიის კონსერვაციას დავიწყებდი, ვინაიდან დღეს არსებული გეოლოგიური მდგომარეობა აქ სახარბიელო არ არის,” – ამბობს რიმა ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, სვანებს, როგორც არავის სხვას, ესმით, თუ რა მნიშვნელოვანია ელექტროფიკაცია და ამ უკანასკნელის გარეშე რაიმე სახის პროგრესი შეუძლებელია. თუმცა ყველაფერი უნდა იყოს აწონ-დაწონილი და გადაწყეტილება ადამიანის ცხოვრების ფასზე არ უნდა გადიოდეს.

რიმა ლიპარტელიანი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მოსახლეობის შიშებსა და განწყობებს იზიარებს გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი. როგორც ის ამბობს, არჩევნების მეორე დღესვე ხელისუფლებამ მოსახლეობაზე ძალადობა და დანაპირებაზე უარის თქმის ტენდენცია გააგრძელა, რაც, მისივე შეფასებით, ე.წ. ჰესომანიის გაგრძელებას გულისხმობს.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ხელედულა, სადაც აღნიშნული პროექტის განხორციელება გახდება ეკოლოგიური კატასტროფისა და მთის დაცლის წინაპირობა. ხელისუფლება, ერთი მხრივ, საუბრობს იმაზე, რომ მთის კანონი მიიღოს და შეინარჩუნოს ბუნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი პროექტებით ებრძვის ტურისტულ პოტენციალს, ებრძვის მოსახლეობას, და თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ჩვენ მივიღებთ განადგურებულ ფასეულობებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებასა და იმ სოციალურ გარემოს, რომელიც ადგილზე არსებობს,” – დასძენს ლაშა ჩხარტიშვილი.

როგორც ის განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნებს, მას ძალიან დიდი წინააღმდეგობა და პროტესტი დახვდება ხეობაში. ლაშა ჩხარტიშვილი გვიყვება, რომ გუშინ, 6 დეკემბერს, უნდა გამართულიყო პროექტის სავალდებულო განხილვა, რომელზეც ლენტეხის არცერთი მცხოვრები არ მივიდა პროტესტის ნიშნად. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას პროექტის განხორციელების უფლება არ აქვს, ვინაიდან სრულფასოვანი განხილვა არ მომხდარა და მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებით, არც არასდროს მოხდება. 

“რას ვკარგავთ ჩვენ? – ჩვენ ვკარგავთ საარსებო გარემოს, მოსახლეობა კარგავს მდინარეს. ამასთანავე, ხეობა დგება უდიდესი პრობლემების წინაშე, ისეთი პრობლემების, როგორიცაა გეოლოგიური რისკები, კლიმატის ცვლილება, დატბორვა, წყალდიდობა, მეწყრუბი და ღვარცოფები. ამასთანავე, იზრდება ტენიანობა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ჯანმრთელობას ზიანის ქვეშ აყენებს.

საბოლოოდ, ვიღებთ ადამიანის სიცოცხლეებს, რომლებიც განადგურების წინაშე დგანან. ვკარგავთ იმ გარემოს, რომელსაც გარდა ესთეტიკური დანიშნულებისა, აქვს დიდი ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი ,” – დასძენს ლაშა ჩხარტიშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, “მწვანე ალტერნატივა” და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა” უერთდება, ხოლო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მათ ინტერესებს სასამართლოში იცავს. სარჩელი, დღესდღეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

“საია იცავს ლენტეხის ადგილობრივი მცხოვრებელთა ინტერესებს, რომლებიც “ხელედულა ჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ. სარჩელი შეტანილი არის თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსარჩლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც სკოპინგის დასკვნა დამტკიცდა.

სკოპინგის [გარემოს წინასწარი კვლევა] ანგარიშის განხილვის პროცესში გამოიკვეთა მთელი ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც მინისტრს უნდა მიეღო კომპანიისთვის საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა,” – ამბობს მზია გოჩელაშვილი, საიას რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელი.

როგორც ის ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, პირველი მოსამზადებელი სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა, შემდეგი კი 26 დეკემბერსაა ჩანიშნული. მზია გოჩელაშვილის თქმით, “მწვანე ალტერნატივისა” და საიას მოთხოვნის საფუველზე, გუშინ ჩანიშნული საჯარო განხილვა ლენტეხში გადაიდო.

“მოსახლეობის პროტესტს საკმაო საფუძველი აქვს, ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ის რისკები, რაც შეიძლება მოსახლეობას მიადგეს,” – დასძენს მზია გოჩელაშვილი.

მასთან ერთად სკოპინგის ანგარიშის გაუთვალისწინებლობაზე საუბრობს “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი მარიკა ფიროსმანიშვილი. როგორც ის განმარტავს, სკოპინგის პროცესი გულისხმობს წინასწარ კვლევას, რომლითაც დგინდება, შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეული ღონისძიებების განხორციელება.

ის ამბობს, რომ თუ სკოპინგის ანგარიში ამბობს, რომ მოცემულ ადგილზე ამ ღონისძიებების ჩატარება შეიძლება, კომპანია ვალდებულია, დაიწყოს სხვა გამოკვლევები.

რაც შეეხება “ხელედულა ჰესს” და ადგილის სკოპინგს, მარიკა ფიროსმანიშვილის თქმით, ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ამ შემთხვევაში ბევრი საკითხი, მათ შორის, ზიანის შემცირების შესაძლებლობა, ჯერ კიდევ საკვლევია, რაც კომპანიამ არ გაითვალისწინა.

მისი სიტყვებით, ხეობა ხასიათდება ბუნებრივი პროცესების ნაირსახეობებით, რომელთა აცილება და მათ მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამასთანავე, მდინარე არაპროგნოზირებადია და დიდია წყალდიდობებისა და დატბორვების რისკი.

“ხელედულა ჰესის” პროექტის განხილვა მოსახლეობის პროტესტის გამო ჩაიშალა. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

საპროექტო დოკუმენტაციაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს “მწვანე ალტერნატივის” წევრი დავით ჭიპაშვილიც. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, პროექტის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

“უამრავი კითხვა არსებობს კომპანიასთან, უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ მას კვლევები ჩატარებული არ აქვს და ამბობს, რომ კვლევებს ჩაატარებენ მერე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მსგავსი შეხვედრები წარმოადგენს ფარსს, რომლებიც გათვლილია იმაზე, რომ დამფინანსებლის მსურველს, ამ შემთხვევაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აჩვენონ, თუ რა კარგი ინვესტორია, როგორ საუბრობს მოსახლეობასთან და ა.შ.,” – ამბობს დავით ჭიპაშვილი.

გარდა ამისა, დავით ჭიპაშვილის თქმით, არც გეოლოგიური კვლევები ჩატარებულა. მისი განმარტებით, მსგავსი სიტუაცია იყო “შუახევი ჰესის” შემთხვევაში, როდესაც გეოლოგიური კვლევების არარსებობის გამო ჰესი ვერ აშენდა, დაიხარჯა 1.5 მილიარდი და მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

გარემოსდამცველი ამბობს, რომ “ხელედულა ჰესის” შემხვევაშიც, არ არის შესწავლილი, რა ზემოქმედება ექნება ჭაბურღილის გაყვანას სასმელ წყალზე. ამასთანავე, არ არის შესწავლილი ეკოლოგიური ხარჯის დათვლის მეთოდოლოგია და ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

“რატომ იყო არჩეული ეს ადგილი, არსებობდა თუ არა სხვა, ნაკლები ზიანის მომტანი ალტერნატივა? – ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ამასთანავე, პროექტი არ არის რიცხობრივად შეფასებული. მაგალითად, აქ წერია, რომ ჰესი “საგულისხმო წვლილს შეიტანს”, მაგრამ რა არის ეს საგულისხმო წვლილი, აღწერილი არ არის.

ან როგორ შეიძლება ჰესმა, რომელიც ზამთარში ვერ იმუშავებს იმიტომ, რომ მდინარეში წყალი არ იქნება, საგულისხმო წყვლილი შეიტანოს. ასეთი ზოგადი შეფასებითი სიტყვებითაა აჭრელებული მთელი გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება). ამის გათვალისწინებით, რომელი პროექტის საჭიროებაზე ვსაუბრობთ? ეს არის არაფერი სხვა, თუ არა მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მიზანმიმართული გაუარესება,” – ამბობს დავით ჭიპაშვილი. 

რაც შეეხება თავად პროექტის ავტორების პოზიციას, მათი თქმით, ჰესი “ხელედულა 3” წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, რომლის მიზანია განახლებადი რესურების გამოყენების ხარჯზე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდა თბოელექტროსადგურებიდან მიღებლი და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის შემცირებისთვის.

კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილი ჰესი წელიწადში საშუალოდ გამოიმუშავებს 237 მგვტ/სთ ელეტქტოენერგიას. ოპერირების პირველი 20 წლის განმავლობაში კი გამმომუშავებული ენერგიის 20% ზამთრის პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემას მიეწოდება.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მშენებლობის პერიოდში დაახლოებით 250-300 ადამიანი დასაქმდება, რომელთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ამასთანავე, “ხელედულა ენერჯი” ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით რიგ სოციალურ გეგმებს განახორციელებს.

პროექტის ავტორები უარყოფენ იმ ბრალდებებს, რომ ჰესის მშენებლობა გარემოზე დიდ ფიზიკურ ზემოქმედებას მოახდენს. მათი თქმით, მშენებლობისას ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოიხსნება და დასაწყობდება. ნაყოფიერ ფენებს კი მშენებლობის დასრულების შემდეგ ხელახლა გამოიყენებენ დროებითი უბნების რეკულტივაციისთვის.

კომპანიის თქმით, მან ხეობაში წყალი შეაფასა და დაადგინა, რომ პროექტი წყალზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ გამოიწვევს.

რაც შეეხება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს, “ხელედულა ენერჯი” ირწმუნება, რომ ხეობის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას დიდი ყურადღება დაეთმობა. მათი თქმით, გატარდება შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის: კალენდრული შეზღუდვები (ფრინველების ბუდობისა და ღამურების გამრავლების პერიოდები), მდინარის კალაპოტის მართვა და შენარჩუნება, ქვეწარმავლებისა და ამფიბიების დაჭერა და სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა, ბრაკონიერობის საწინააღმდეგო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარება.

მათივე თქმით, წითელი ნუსხით დაცული ხე-მცენარეების სახეობების ჭრა მინიმუმამდე შემცირდება, ხოლო როცა გარდაუვალი იქნება ასეთი სახეობების მოჭრა, კომპენსაციის მიზნით, ახალ ადგილზე დაირგვება ახალი ნერგები 1:10 თანაფარდობით.

ამასთანავე, კომპანიის თქმით, პროექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებს არ გამოიწვევს. უსაფრთხოების რისკები მშენებლობის ფაზაზე გაიზრდება, რაც ძირითადად დაკავშირებული იქნება ტრანსპორტის გადაადგილებასთან. ექსპლუატაციის ეტაპზე კი მოსალოდნელი ზემოქმედება ჩამონადენის სწრაფ ცვალებოდაბასთან იქნება დაკავშირებული. კომპანია ამბობს, რომ ამ რისკის შესამცირებლად გეგმავს სტრუქტურულ, ოპერატიულ და ინფორმაციულ ღონისძიებებს.

კომაპნია დასძენს, რომ ადგილზე საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი არ არსებობს, ხოლო ჰესი ადგილობრივ ძეგლებს არ დააზიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი