ახალი ამბები

ISFED: თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობით ამბროლაური ლიდერობს

15 ივნისი, 2014 •
ISFED: თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობით ამბროლაური ლიდერობს

 ,,სამართლიანი არჩევნები’’ აღნიშნავს, რომ აქტივობა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში – შედარებით დაბალი.


12:00 საათისთვის, ,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა: თბილისი – 12.7% (+/-0.3% ცდომილების ხარისხით) , რაც უფრო დაბალია, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობა;


მცხეთა- 21%, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობა;


რუსთავი – 14%; გორი – 12%; ახალციხე – 15%; თელავი – 13%; ბათუმი – 13% ; ოზურგეთი – 20%; ქუთაისი- 12%; ზუგდიდი – 13%; ფოთი – 18%; ამბროლაური – 27%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თვითმმართველ ქალაქებში დაფიქსირებულ აქტივობასთან მიმართებაში.


15:00 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა  შემდეგი დარღვევები დააფიქსირეს: საარჩევნო უბნებზე აგიტაციის 4 ფაქტი: რუსთავის #63, გორის #12, ბათუმის #13 და ლანჩხუთის #24 საარჩევნო უბნებზე. აგიტაცია ძირითადად გამოიხატებოდა პირდაპირი მოწოდებით, ამომრჩეველს ხმა მიეცა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასევე უბნებზე იმყოფებოდნენ პირები საარჩევნო სუბიექტის ნომრიანი მაისურებით. სამწუხაროდ, კომისიის თავმჯომარეებმა აღნიშნული პირები დაუშვეს საარჩევნო უბნებზე და აგიტაციის ფაქტებზე არ მოახდინეს სათანადო რეაგირება; 


არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 6 შემთხვევა: მთაწმინდის #14, ზუგდიდის #74, სამგორის #77, ქუთაისის #64, ახმეტის #18 და ვაკის #19 საარჩევნო უბნებზე. ძირითადად ადგილი ჰქონდა დევნილის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას, ასევე, დაბადების მოწმობითა და მართვის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევებს;


ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 3 შემთხვევა: ბათუმის #79 და #82, ასევე, ჩოხატაურის #8 საარჩევნო უბნებზე;


მარკირების შემოწმების/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 10 შემთხვევა: ბათუმის #97, #1, #56, ახალციხის #34, მესტიის # 1, თელავის #45, კასპის #7 და ჩუღურეთის #16 საარჩევნო უბნებზე;


არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 8 შემთხვევა: ისნის #47, მთაწმინდის # 22, კასპის #30, ახმეტის #18, ქობულეთის #19, ასპინძის #1, ოზურგეთის #47 და შუახევის #38 საარჩევნო უბნებზე.

 

საარჩევნო უბნენზე იმყოფებოდნენ აკრედიტაციის არმქონე პირები და კანდიდატები;


დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5 ფაქტი: თერჯოლის #27, მარტვილის #12, ლანჩხუთის #9, ბათუმის #30 და ნაძალადევის #64 საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლებს შეეზღუდათ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება.

 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 2 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში- 29 საჩივარი.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი აირჩევს 71 ადგილობრივი საკრებულოს 2,088 წევრს. ამასთან, 12 თვითმმართველი ქალაქი აირჩევს ქალაქის მერს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები – 59 გამგებელს. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.

ნინო ლომჯარია სამართლაინი არჩევნები და დემოკრატიული საქართველო
ნინო ლომჯარია სამართლაინი არჩევნები და დემოკრატიული საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი