ახალი ამბები

მრავალეროვანი საქართველო: ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა დარღვევის 20 ფაქტი

15 ივნისი, 2014 •
მრავალეროვანი საქართველო:  ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა დარღვევის 20 ფაქტი

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრა კალატოზიშვილის განცახადებით,  20 დარღვევიდან ყველზე საყურადღებო ბოლნისში და მარნეულში დაფიქსირებული დარღვევებია. 

 

 #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების გაყალბების შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, სოფელ სამწვერისში გადასატანი ყუთის სიაში არჩევნების დღეს 2 ამომრჩეველი დაამატეს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაწერილია საჩივარი.

 

#21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე პირადობის ასლით ხმის მიცემის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ფაქტზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

 

#22 მარნეულის საოლქო კომისიის #42 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მდივანმა არ იცის ქართული ენა და ამის გამო მდივნის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი – კომისიის სხვა წევრი – ასრულებს.

 

მარნეულის #22 საოლქო კომისიის #26 საარჩევნო უბანზე, სოფ წერეთელში უბანზე აგიტაციის/პროპაგანდის შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ამომრჩეველი უბანზე გამოცხადდა სამოსით, რომელზეც დატანებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საიდენტიფიკაციო სიმბოლოები – საარჩევნო ნომერი და ლოგო.

 

გარდა ამისა, წალკის #25 საოლქო კომისიის #21 საარჩევნო უბანზე, სოფელ თოლიანში, საკონტროლო ფურცლის სამივე ეგზემპლარი ერთად ჩააგდეს ხმის მიცემის ძირითად ყუთში. ორგანიზაციის დამკვირვებლის საჩივარი, შეწყვეტილიყო კენჭისყრის პროცესი, არ დააკმაყოფილეს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საკონტროლო ფურცელში პირველი ამომრჩევლის მონაცემები შეტანილი არ იყო, რადგან ფურცელი ძირითად ყუთში მანამდე ჩაყარეს. ყუთის გახსნის შემდეგ, როდესაც საკონტროლო ფურცლები ამოიღეს, კომისიის წევრებმა პირველი ამომრჩევლის მონაცემები თავიანთი შეხედულებისამებრ შეავსეს. იმ დროისთვის არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა 18 ამომრჩეველს.

ალექასანდრა კალატოზიშვილი საერთო–სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
ალექასანდრა კალატოზიშვილი საერთო–სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო

მარნეულის #22 საოლქო კომისიის #50 უბანზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა პროცედურული დარღვევა. კერძოდ, ბიულეტენები ძირითად ყუთში ჩაყარეს საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე. მარნეულის #22 საოლქო კომისიის #41 უბანზე, სოფელ დიდ მუღანლოში, 20-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე. თავიდან კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზაციის დამკვირვებლის საჩივრის დარეგისტრირებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ამომრჩევლებს პირადად იცნობდა. თუმცა საბოლოოდ დაარეგისტრირა.

 

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის – „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს 5 რეგიონის 19 მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვრცელდება.

 

„მრავალეროვანი საქართველო“ მიმდინარე არჩევნებს 437 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება, რომელთა შორის არის 352 უბნის დამკვირვებელი, 19 საოლქო საარჩევნო კომისიის, 64 მობილური ჯგუფის და 2 ცესკოს დამკვირვებელი. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი