ახალი ამბები

დარღვევები ხონში, 27–ე საარჩევნო უბანზე

15 ივნისი, 2014 •
დარღვევები ხონში, 27–ე საარჩევნო უბანზე

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე საარჩევნო უბნის კომისიამ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა შეასრულა. როგორც კომისიის თავმჯდომარე აკაკი ქვათელაძე ამბობს, რახან ყველაფერი წესრიგში იყო და ამომრჩეველი უკვე იცდიდა, მან კენჭისყრის პროცედურის დაწყება გადაწყვიტა:

 

“არანაირი დარღვევა არ იყო, ჩვენ ყველანაირი პროცედურა ჩავატარეთ, გველოდებოდა ამომრჩეველი და შეგვეძლო კანონის მიხედვითაც მიგვეღო პირველი ამომრჩეველი. ეს დარღვევა არ არის.”

 

აღნიშნულ უბანზე, სადაც 1325 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთაგან 42 გადასატანი ყუთით აძლევს ხმას, ხოლო 7 სპეცსიაშია შეყვანილი, არ ხდება ხმის მიცემის პროცედურის ვიდეოგადაღება.

 

საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიას და ამომრჩეველთა ნაკადის ვიდეოგადაღებას აწარმოებს მოქალაქე გიორგი ბოკელავაძე, რომელმაც ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციიდანაა, თუმცა ორგანიზაცია ვერ დაასახელა. ამომარჩეველთა ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მის მიმართ, ხოლო ერთ–ერთმა მამაკაცმა მოუწოდა, მისთვის არ გადაეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში კამერის დამტვრევით დაემუქრა:

 

“ვაფიქსირებ ამომრჩევლების შესვლას. რა ხდება საარჩევნო უბნის გარეთ, ეს მაინტერესებს,”–ამბობს გიორგი.

 

ამავე უბნის ტერიტორიაზე უცნობი პირები მოქალაქეების სიებით დგანან.  ერთ–ერთი მათგანი  “ქართული ოცნების” წევრი და ამავე პარტიის საარჩევნო სიაში მყოფი ლალი კაშიაა, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ადამიანების მოსვლას აფიქსირებს:

 

“ჩვენს რაოდენობას ვიწერთ, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვაკეთებ? ვაფიქსირებთ, რამდენი ადამიანი მოვა. მაინტერესებს რაოდენობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი