ახალი ამბები

ნაცმოძრაობის ცნობით, მათ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

14 ივნისი, 2014 •
ნაცმოძრაობის ცნობით, მათ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
“დღეს საღამოს “ქართული ოცნების” მაისურიანი პირებით სავსე მიკროავტობუსი გადაუდგა მსუბუქ ავტომანქანას, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა ბერძენიშვილის საარჩევნო შტაბის წევრები იმყოფებოდნენ. მიკროავტობუსიდან გადმოსულმა თავდამსხმელებმა ქვები დაუშინეს მანქანას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იძულებულნი გახდნენ, მანქანიდან გადმოსულიყვნენ. 
 
 
4 ახალგაზრდას (1 ქალი და 3 მამაკაცი) 30-მდე თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწორდა. ოთხივე მათგანი “ნიუჰოსპიტალში” იქნა გადაყვანილი. ქალბატონს, მარი შამათავას, წინასწარი დიაგნოზით, ფეხი აქვს მოტეხილი, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის, მიხეილ შამოევის მდგომარეობას იხილავთ თანდართულ ფოტოზე.
 
 
თავდამსხმელთაგან 2 ამოცნობილია. ესენი არიან წარსულში ნასამართლევი ონისე ონიანი და ბექა მეზვრიშვილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის ადგილას “სახალხო ბანკის” ფილიალია და მის ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი იქნება თავდასხმის სხვა მონაწილეებიც”.
მიხეილ შამოევი
მიხეილ შამოევი

შსს-ს ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

 

“მიმდინარეობს ყველა აუცილებელი და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი