ახალი ამბები

საიას თავმჯდომარედ კვლავ სულხან სალაძე აირჩიეს

4 დეკემბერი, 2018 • 2701
საიას თავმჯდომარედ კვლავ სულხან სალაძე აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობამ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ სულხან სალაძე აირჩია. ეს გადაწყვეტილება საიას გამგეობამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

სულხან სალაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ გასული წლის 5 დეკემბერს აირჩიეს. მანამდე ამ პოსტს 3 წლის განმავლობაში ანა ნაცვლიშვილი იკავებდა, რომელიც შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.

სულხან სალაძე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2011 წლიდან მუშაობს, 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

2011 წელს იყო საიას  პროექტის – “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში” იურისტი.

2010 – 2011 წლებში გაირა ტრენერთა ტრენინგი (TOT) ჰააგის სოციალიურ მეცნიერებთა ინსტიტუტში თემაზე: – “დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა”; “სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობისათვის”.

2006 წელს ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის მუშაობაში.

2003-2006 წლებში მუშაობდა საიას აჭარის ფილიალში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში: კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა, ფინანსური გამჭვირვალობა.

2016 წლის აპრილიდან 2018 წლის თებერვლამდე, სულხან სალაძე გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

“უცნობი ძველი აჭარა” – ასე ეწოდება სულხან სალაძის წიგნს, რომელიც შპს “გაზეთმა ბათუმელებმა” ცოტა ხნის წინ გამოსცა. წიგნი ძველ აჭარაზე მოგვითხრობს. მის ფურცლებზე შეხვდებით პირველ მოგზაურებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის აჭარაში იმოგზაურეს. წიგნი მოგვითხრობს აჭარაში მცხოვრებ ადამიანებზე და იმ ტრადიციებზე, რომლითაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს არის წიგნი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. მასში ნახავთ უნიკალურ ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მინის ნეგატივების არქივშია დაცული.

მასალების გადაბეჭდვის წესი