ახალი ამბები

მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დანიშნა

9 იანვარი, 2018 • 1840
მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დანიშნა

 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა.  პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება 9 იანვარს გამოსცა, დღეს კი ანა ნაცვლიშვილი მედიას წარუდგინა. 

“მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან, საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა წარდგენისას.

“მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებასთან, დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი”,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილამდე ამ პოსტს ანა დოლიძე იკავებდა, რომელიც პრეზიდენტმა 8 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი მანამდე ორი ვადით იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სადაც უფლებამოსილება 2017 წლის ბოლოს ამოეწურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი