ახალი ამბები

15 ივნისის არჩევნებში 521 მსჯავრდებული მიიღებს მონაწილეობას

14 ივნისი, 2014 • • 1125
15 ივნისის არჩევნებში 521 მსჯავრდებული მიიღებს მონაწილეობას

სამინისტროს ცნობით, სასჯელაღსრულების მთელ სისტემაში 8 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხმის მიცემის უფლებით საარჩევნოდ 521 მსჯავრდებული ისარგებლებს. საარჩევნო უფლებით სარგებლობს მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის 5 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. 

 

არჩევნების დღეს პენიტენციურ სისტემაში შესვლისა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ექნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ ყველა მედიასაშუალებასა და დამკვირვებელს, აცხადებს სამინისტრო. 

 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აუდიო-ვიდეო და ფოტოგადაღების განხორციელების უფლება მხოლოდ საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ექნებათ, ხოლო გადაღება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდებულის გადაღება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ მისი თანხმობითაა შესაძლებელი.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 15 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობა 3 472 772 ამომრჩეველს შეუძლია. 

 

საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 166 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 17 610 წარმომადგენელი აკვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი