ახალი ამბები

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას – ზურაბიშვილი რურუას გარდაცვალებას ეხმაურება

4 დეკემბერი, 2018 • 5167
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას – ზურაბიშვილი რურუას გარდაცვალებას ეხმაურება

არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ნიკა რურუა და სალომე ზურაბიშვილი 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კონკურენტები იყვნენ მაჟორიტარულ არჩევნებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი” – უთხრეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, გარდა ამისა,  2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი