ახალი ამბები

არასამთავრობოები: 2014 წლის წინასაარჩევნოდ უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე 2013 წელს

14 ივნისი, 2014 •
არასამთავრობოები: 2014 წლის წინასაარჩევნოდ უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე 2013 წელს

სამმა ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გახსნილ მედიაცენტრში 12 საათზე გამართა. კვლევის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები.

 

თუმცა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში გაცილებით მეტი იყო.

 

კვლევის ავტორების თქმით, 2013-2014 წლებში მიმდინარე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში არსებობდა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი, თუმცა რეფორმის საბოლოო შედეგი ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გაცხადებულ გეგმებს არ შეესაბამება, რადგან არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა, რაც რეფორმის ძირითადი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო:

 

“უმოკლეს ვადებში რეფორმირებას საჭიროებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს კომისიებში მრავალპარტიულ წარმომადგენლობას.”

   

ორგანიზაციები მიესალმებიან იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არა მხოლოდ მისთვის წარდგენილ საჩივრებს იხილავდა, არამედ სავარაუდო დარღვევების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციითაც ინტერესდებოდა და სავარაუდო დარღვევებს პროაქტიულად იხილავდა, თუმცა ცესკომ კანდიდატების რეგისტრაციასთან მიმართებაში არათანმიმდევრული მიდგომა გამოავლინა.

 

კვლევის მიხედვით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ნაკლებად ეფექტური იყო დარღვევების პრევენციისა და მათზე დროული რეაგირების თვალსარისით, რადგან კომისიას მისი მუშაობის განმავლობაში არ წარმოუდგენია მიწოდებულ დარღვევებზე რეაგირების ანგარიში.

 

წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის არაერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ დეტალურად არ შეუსწავლია. კვლევის მიხედვით, 2 ივნისის მდგომარეობით, 9 რეგიონის 15 ოლქში 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა.

 

“დაზარალებულები ძირითადად არ აკონკრეტებდნენ, თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირება არასაკმარისი და არაეფექტური იყო”, – ნათქვამია აგარიშში. 

 

ადმინისტრაციული რესურსის ფორმალური გამოყენების ფაქტები, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს ანალოგიური ეფექტი ჰქონდა, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობაში არ შეიმჩნეოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიის მიმართ, აცხადებენ არასამთავრობოები. 

  

კვლევამ ყურადღება მიაქცია გენდერული დისბალანსს კანდიდატების შორის. გენდერული დისბალანსი მამაკაცების სასარგებლოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და გენდერული კვოტირების ნორმების გადახედვის აუცილებლობას, აღნიშნულია კვლევაში. 

 

კვლევის ავტორებმა უარყოფითად შეაფასეს  საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილება, რომლის მიხევით, საინიციატივო ჯგუფებს არ მიეცათ უფლება დაესახელებინათ მერობის/გამგებლობის კანდიდატები. აღნიშნული ნორმა მოქალაქეებს, ერთი მხრივ, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის კონსტიტუციურ უფლებას ართმევს, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას, აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი, მიაჩნიათ არასამთავრობოებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი