ახალი ამბები

ცესკო: არჩევნების დღეს დარღვევებზე საჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მიიღებს

14 ივნისი, 2014 •
ცესკო: არჩევნების დღეს დარღვევებზე საჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ აღნიშნული ნორმა საარჩევნო კოდექსის მიხედვითაა დადგენილი. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

 

ცესკო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე საჩივარს არ ჩაიბარებენ ან დაფიქსირებული დარღვევის აღმოფხვრა არ მოხდება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე საჩივრით მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

ცესკოს ცნობით, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებმა და რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაფიქსირებული დარღვევების გასაჩივრების შემთხვევაში ისევ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ.

 

საპრეზიდენტო არჩევნები 2013, თბილისი. ფოტო: დავით მიხეილ შუბლაძე
საპრეზიდენტო არჩევნები 2013, თბილისი. ფოტო: დავით მიხეილ შუბლაძე

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში  მიღებულ საჩივარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო კომისია თავის მხრივ საჩივარს მისი რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.

 

უფლებამოსილ პირებს შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში ოქმის გასაჩივრება შეუძლიათ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 

ცესკო აცხადებს, რომ კენჭისყრასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები შეიძლება გასაჩივრდეს 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 15 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობა 3 472 772 ამომრჩეველს შეუძლია. 

 

საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 166 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 17 610 წარმომადგენელი აკვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი