აქცია-კონცერტი 8 საათზე დაიწყო. რიყეზე სპეციალურად აქციისთვის დამონტაჟებულ სცენაზე ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები გამოდიოდნენ, რომლებიც შემდეგ პოლიტიკოსებმა შეცვალეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის მოედანზე შეკრებულ მხარდამჭერებს მიმართა, რომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების ნიშანი, როგორც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”.
“რომ არა თქვენი ნება, რომ არა თქვენი გამბედაობა, თქვენი თავდადება და, რაც მთავარია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა, ამ გამარჯვებას ვერ მივაღწევდთ. მაშინ [2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში] ჩვენმა ხალხმა სიბრძნე გამოიჩინა, სიდინჯე, წინდახედულება. უთხრა არა ძალადობას, უსამართლობას, ჩვენ ქვეყნის და ჩვენი ხალხის აბუჩად აგდებას, ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოღალატეებს. ჩვენ ღირსეულად ჩავატარეთ და ღირსეულად გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნების დროს. ახლა კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ყველგან. ჩვენ ყველამ კარაგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგელობა, რომ მივიდეთ არჩევნებზე. დღეს ყველას აქვს საშუალება, რომ დამოუკიდებელი და გაანალიზებული არჩევანი გააკეთოს.”
ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ასევე პირობა დადო, რომ ძალადობის შემთხვევის ყველა ფაქტს გამოიძიებენ:

“თითქოს ადგილი ჰქონდა ძალადობის 80 შემთხვევას, ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე პოლიტიკური ნება და დავიწყეთ გამოძიება და 80 ფაქტიდან აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც 4 შემთხვევა გამოიკვეთა და დადასტურდა”
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 15 ივნისი იქნება “თბილისის დაბრუნების დღე”:
“ჩვენ ყველამ უნდა შევქმნათ ეს დღე, რადგან ჩვენი ხელისუფლება ხალხის ხელისუფლებაა. ჩვენი არჩევა – თქვენი არჩევანიცაა. ეს ნამდვილი ბრძოლაა. ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მხოლოდ ერთად დგომით მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. როგორც ყოველთვის, თბილისი ამ ბრძოლის ავანგარდში დგას. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. 15 ივნისი ჩვენი ბრძოლის და თბილისის დაბრუნების დღე იქნება.”








