ანუ თქვენი პოლიტიკაში გამოჩენა, ერთგვარი პროტესტის შედეგია?
კი, ასეა. არ მომწონს ის მიდგომები და ის რეალობა, რაც სახეზეა. უფრო მეტად არ მომწონს ის, რომ არაფერი ხდება. თითქოს გაიყინა და წინ ვერ მივდივართ. რაც შეეხება მერობის არჩევნებს, – მერი, ისე როგორც ქალაქი, უნდა იყოს აპოლიტიკური. დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომელსაც მიიღებს ქალაქის მოსახლეობასთან ერთად. ჩვენი მოსვლით ქალაქის მართვაში გვინდა შევქმნათ პრეცედენტი იმისა, – როგორ სრულდება ყველა დაპირება, როცა დაპირებას იძლევა საქმიანი და კომპეტენტური ხალხი.
და თვლით, რომ ასეთი ხალხი თქვენს გუნდშია?
ასე რომ არ ვთვლიდე, არც მერობის სურვილი გამიჩნდებოდა, არც გუნდს შევკრებდი. არ მიყვარს არც სხვისი ადგილის დაკავება და არც იმის კეთება, რაც არ ვიცი. ბათუმის მომავალს ესაჭიროება ახლებური ხედვა, სწორი მიმართულების განსაზღვრა, მზარდი და გამჭვირვალე ბიუჯეტი, კვალიფიციური კადრები და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი. ქალაქის ყველა რესურსის გამოყენება, განსაკუთრებით – ადამიანური რესურსის. ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა თითოეული ბათუმელი და ყველაფერი ის, რასაც ბათუმელობა ჰქვია!
და რა არის მაინც თქვენთვის ბათუმელობა?
ყველაფერი. რის გარეშეც არ ხარ ის, რაც ხარ. ის ურთიერთობები, ცხოვრების წესი, კომუნიკაციის კულტურა, უბრალოდ, მისალმების სტილი. აღარაფერს ვამბობ ზოგადად ამ ქალაქის ტრადიციებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე.
როგორ აპირებთ მერობის შემთხვევაში ამ ყველაფრის შენარჩუნებას?
მთავარია, რომ გვინდა ამიოს შენარჩუნება. ჩემი თაობა ამ ყველაფრის ფონზე გაიზარდა, თუმცა, ვაღიარებ, იყო ურთულესი პერიოდი და ახალგაზრდობას ჩამოყალიბების ასაკში რთული პრობლემების გადაწყვეტა მოუხდა. ზოგი მოერია ამ პრობლემებს, ზოგი – ვერა. ჩვენ გვინდა ეს ქალაქი, თავისი საუკეთესო ფასეულობებით შვუნარჩუნოთ ჩვენს შცილებს, შევუნარჩუნოთ სითბო, ღიმილი, სილაღე, სტუმარ-მასპინძლობა. ნებისმიერი ბათუმელი, საკუთარი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა ჩაერთოს ქალაქის მართვაში და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში. მერია მოამზადებს სპეციალურ მუნიციპალურ პროექტებს განსაკუთრებული მზრუნველობის მოქალაქეების აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის მიმართულებით. „ჩარაზული კარის“ პრინციპი შეიცვლება „ღია კარის „ პრინციპით! ყველა შემოსულ საკითხზე – მყისიერი რეაგირება. ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის საზოგადოებასთან ერთად განხილვა და გადაწყვეტა. ქალაქის მერიასთან და საკრებულოსთან თემატური მონიტორინგის ჯგუფების შექმნა. სამოქალაქო სექტორის გააქტიურება და ჩართვა ქალაქის მმართველობის საქმეში.
დღეს თითქმის ყველა კანდიდატი საუბრობს ქალაქის განვითარების ახალ ოპტიმალურ გეგმაზე.
ჩვენც ვსაუბრობთ ამაზე, რადგან ფაქტია – ქალაქს განვითარების გეგმა არ გააჩნია. მაგრამ მიკვირს ყოფილი და ახლანდელი სახელისუფლებო კანდიდატები რომ ამას იმეორებენ. თითქოს ვინმე უშლიდათ ხელს გაეკეთებინათ ეს და ახლა არ გვქონოდა საფიქრალი. ვხედავთ სპონტანურმა გადაწყვეტილებებმა და კონკრეტული პურების სურვილებმა და გემოვნებამ სადამდე მიიყვანა ქალაქი. დაკარგა თავისი სახე, წაიშალა და გადაიფარა მთავარი.
თქვენს პროგრამაში როგორი სახე აქვს ჩვენი ქალაქის განვითარების გეგმას?
ბათუმის განვითარება ქალაქის განვითარების ახალი გეგმა- პრაქტიკული და პერსპექტივაზე გათვლილი! ბათუმი ტურისტული და საპორტო ქალაქია. ტურისტული ქალაქის განვითარებისთვის მთავარია მოწესრიგებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა. ჩვენი გუნდისთვის ყველაზე პრიორიტეტულია ბიზნესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლება, რადგან ამ ორზე დგას ნებისმიერი პროგრესი. ბათუმის განვითარებას და სწორად ინვესტირებას ესაჭიროება მზა ბიზნეს- პროექტები, ქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე. მუნიციპალური საწარმოები დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და შეავსებს ბიუჯეტს. ქალაქში საშუალო ფენის ჩამოყალიბება. კერძო და აგრარულ სექტორში, ბათუმის გარეუბნებში – გლეხი უნდა იქცეს ფერმერად. ახალი ტექნოლოგიებისა და აგრო-პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა. ქალაქის ენერგოუზრუნველყოფა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით: მზის, ქარის, ზღვის ტალღის – ანუ იმ ყველაფრის, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია და არ ვიყენებთ.
ანუ თქვენ თვლით, რომ ქალაქს აქვს პოტენციალი?
რა თქმა უნდა, ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი. ბევრი ვერ ხედავს ანდა არ იცის მისი სწორად გამოყენება. ბათუმი, ოპტიმალურად მოკლე ვადებში უნდა გახდეს მდიდარი და კომფორტული. ამისთვის საჭიროა მზარდი ბიუჯეტი და სწორად გაწერილი ხარჯები. ბიზნესის ხელშეწყობა ქალაქის უმთავრესი პრობლემა – უმუშევრობა. მისი დაძლევა ახალი მუნიციპალური პროექტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე. მაქსიმალური ხელშეწყობა ბიზნესს საწყის ეტაპზე. ბიზნეს-გარემოს შექმნა, სწორი რეგულაცია და მეტი გარანტიები. ბიზნესის განვითარების ფონდის ბიუჯეტი შეივსება მერიის მიზნობრივი ტრანსფერებით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. ფონდი დააფინანსებს ბიზნესს საწყისი სტადიიდან. ე.წ. „სტარტ-აფებს“. ფონდს ექნება რისკების შეფასების დაბალი კრიტერიუმები. ჩვენი გაანგარიშებით, ფონდის საკრედიტო რესურსი, პირველ წელიწადს იქნება 5 მილიონი ლარი. მუნიციპალური საწარმოები-დასაქმება ბათუმში თბოელექტროსადგურის ამუშავება. გადამამუშავებელი მრეწველობის განახლება ახალი ტექნოლოგიური ხაზები. ნაგავგადასამუშავებელი ახალი ტექნოლოგიური ხაზის შეძენა მუნიციპალური საწარმოს სახით, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ვაქციოთ ენერგიად, გასანოყიერებელ სასუქად. სასუქს მოვახმართ ქალაქის აგრარულ ნაწილს, ენერგიას – ქალაქის სოციალურად დაუცველ ფენებს. ამით გამოვანთავისუფლებთ ბიუჯეტს., შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დაიცავს ეკოლოგიას, შეეხიდება სოციალურად დაუცველი ფენის კომუნალურ ხარჯებს. შემოერთებული ტერიტორიების განვითარება ინფრაწითელი ტექნოლოგიებისა და ხილ-ბოსტნეულის, ჩაის და თამბაქოს მაღალტექნოლოგიური სისტემები დანერგვა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება.(თითქოს ყოვლად გამოუსადეგარი მანდარინის ქერქისგანაც შეიძლება სარგებელი ნახო.) კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. გარეუბნის ბიზნეს-პროექტებით მიბმა ცენტრალურ უბნებზე. გლეხს ვაქცევთ ფერმერად. გარეუბნების ტურისტული და აგრარული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.
თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პროგრამა ორიენტირებულია მომავალ თაობაზე.
ამ ქალაქის მომავალი ახალგაზრდობაა. სხვანაირად ვერც იქნებოდა. რასაც ვხედავთ, ესაა განათლების სურვილი და შესაძლებლობები. თითქოს ახალგაზრდებს დაბნეულობა ეტყობათ, მიზანი არ აქვთ გამოხატული. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში. განათლების პოპულარიზაციის მიზნით და ახალგაზრდობის მოტივაციის ამაღლებისთვის მერია დააწესებს სპეციალურ ტიტულს- „მერიის სტიპენდიანტი“. გაზრდილი, არამიზნობრივი ხარჯებისგან გამონთავისუფლებული ბიუჯეტი – მეტი ფინანსები ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიულ ზრდაზე. განათლების, ევროპაში ინტეგრაციისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ბათუმში, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, გაიხსნება სეზონური სტუდენტური ბანაკები. მოხალისეთა პროგრამების წამოწყება – განსაკუთრებული მზრუნველობის, პენსიონერი, ვეტერანი, სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების, მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ახალგაზრდები, რომლებიც ჩაერთვებიან მოხალისეთა პროგრამებში, მერიისგან მიიღებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის საშუალებას. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ქალაქისა და თანაქალაქელების მიმართ მზრუნველობის და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბათუმის მომავალი ახალგაზრდების ხელშია. ისინი უნდა ამაყობდნენ ბათუმელობით, არ უნდოდეთ სხვაგან წასვლა და იყვნენ ბედნიერები საკუთარ ქალაქში.
ქალაქში მწვავედ დგას ინვესტორების თემა. მოსახლეობა თვლის თავს დაჩაგრულად და შევიწროვებულად.
ბათუმი უნდა განვითარდეს, პირველ რიგში, ადგილობრივი ინვესტიციების ხარჯზე. უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, მაგრამ არა მკვიდრი მოსახლეობის საზიანოდ. უცხოურმა ინვესტიციამ არ უნდა შებღალოს მოსახლეობის ინტერესები და ტრადიციები. უცხოური და ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების საკონტრაქტო ვალდებულებების მუდმივი მონიტორინგი.
ჩვენ შევქმნით პრეცედენტს და დავდებთ შედეგს – რამდენად გვიყვარს ჩვენი ქალაქი. ჩვენ ვჭირდებით ქალაქს და არ გვაქვს მორალური უფლება, უარი ვთქვათ ვალდებულებებზე საკუთარი ქალაქის წინაშე.
თქვენი გზავნილი ამომრჩევლისადმი?
ამომრჩევლის მიმართ ჩვენი გზავნილი მოკლე და კონკრეტულია, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე – რეალური თვითმმართველობა რეალური შედეგით!. ჩვენ გვაქვს შანსი ერთად ვმართოთ და განვაახლოთ ჩვენი ქალაქი. ამიტომ, აირჩიეთ 18!
თქვენი აზრით, მოსახლეობის რა რაოდენობა მოვა არჩევნებზე?
თუ ამ არჩევნების მნიშვნელობას დავაკვირდებით და გავიაზრებთ, ეს უნდა იყოს ყვეელაზე ხალხმრავალი არჩევნები. აქ და ახლა წყდება ჩვენი ქალაქის მომავალი. კრიტიკა ნიჰილიზმი, რაც დღეს ხალხში არსებობს, გასული წლების არშესრულებული დაპირებების შედეგია. საკუთარ თავზე მორგებული პოლიტიკა, კანონები, და ბიუჯეტი. დარღვეული უფლებები, დღემდე აღუდგენელი სამართალი. ბოლო წლების მანძილზე ბევრი ეცადეს, რომ ადამიანებისთვის ჩამოეყალიბებინათ პარაზიტული აზროვნება, შიში… ხალხში დარჩენილია უამრავი კითხვა. დაუსრულებელი და გაუგებარი კოჰაბიტაცია; პორტირებული და ჩანერგილი ნაციონალები. დაუცველი და ყოველგვარი გარანტიის გარეშე დატოვებული ბიზნესი. აღარაფერს ვამბობთ, წართმეულ და ძალით გაკოტრებულ ბიზნესზე. წინასაარჩეევნო დაპირებები არ შეცვლილა წლების მანძილზე იმიტომ, რომ არაფერი კეთდებოდა
თქვენი აზრით, არაფერი კეთდებოდა?
კონკრეტული მიმართულებებით და თუ კეთდებოდა, ზღვაში წვეთია! კეთდებოდა პიარის მიზნით და ფასადურად, ეს ჩვენს ქალაქსაც ეტყობა. თუნდაც დღევანდელი სახელისუფლებო კანდიდატის ზოგადი პროგრამა იმის დასტურია, რომ დაპირება კვლავ დარჩება ქაღალდზე. პროგრამა დაწერილი ყველა ქალაქისა და რეგიონისთვის, უბრალოდ სახელებია შეცვლილი. არადა, თვითმმართველობა კონკრეტული ქალაქის, კონკრეტული უბნის და კონკრეტული ქუჩის პრობლემის ცოდნას ნიშნავს. ამ გუნდს ჰქონდა საშუალება მიეღო მნიშვნელოვანი გდაწყვეტილებები და დაედო შედეგი. ერთად ვიზრუნოთ! ერთად ავამუშავოთ! – ეს მოწოდებები მოწოდებებად რჩება წლებია. საზოგადოება ისევ განზე რჩება და ცალკე დგას კმაყოფილი და უზრუნველი ხელისუფლება. ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას სულაც არ უშლის ხელს ხის დარგვა. თუმცა, ხის დარგვაც ვერ გადაჭრის ეკოლოგიურ პრობლემას ამ ქალაქში. გაიჩეხა მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა ბოლო წლების მშენებლობების გამო. იმდენი თანხები იხარჯება სისულელებში, ხელისუფლების წარმომადგენელთა გართობაში, ხალხისთვის რა დარჩება? თქვენს ხელისუფლებას აწყობს სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის ზრდა, იმიტომ, რომ დაუცველი ადამიანი მარტივი სამართავია, როცა არჩევანი არ აქვს და თქვენზეა დამოკიდებული. არ შეიძლება მოატყუო ამომრჩეველი, თანაც უკვე მერამდენედ? . ეს იწვევს იმედგაცრუების ზრდას და ამომრჩველი ხდება არააქტიური. კარგავს სურვილს თუნდაც საარჩევნო უბანზე მისვლის. როცა ადამიანმა იცის, რომ მის მაგივრად სხვა გააკეთებს არჩევანს, რომ მის სურვილს არ გაითვალისწინებენ, რომ დაპირდებიან, მაგრამ არაფერი შეიცვლება. რომ მისი სახელით სხვა მიიღებს გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, არ იქნება და აღარც გენდობა.