ახალი ამბები

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს

13 ივნისი, 2014 • • 875
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სასჯელაღსრულების N8 და N6 დაწესებულებებში მყოფმა 47-მა უვადო მსჯავრდებულმა შიმშილობა შეწყვიტა. შიმშილობა 3 ივნისიდან 13 ივნისამდე მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში N8 დაწესებულებაში – 40, ხოლო N6 დაწესებულებაში 7 მსჯავრდებული შიმშილობდა. 2 დღით შეუერთდნენ აქციას უვადო მსჯავრდებული ქალებიც. სასჯელაღსრულების სისტემაში ამჟამად 83 უვადო მსჯავრდებულია განთავსებული.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განგვიცხადა, რომ მსჯავრდებულები საქართველოს პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებებთა დაცვის კომიტეტის წევრ შალვა შავგულიძეს შეხვდნენ. სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა თემაზე ისაუბრეს პატიმრებმა.

 

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა მსჯავრდებულებმა ფეისბუქის ჯგიფში “საქართველოს უვადო პატიმრები ” ხმა ცოცხალთა საფლავიდან ” განაცხადეს, რომ შალვა შავგულიძე მათ დაპირდა, რომ ივლისში პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს უვადო მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თარიღული ვადის (25 წლის) ევროსტანდარტამდე (15 წლამდე) შემცირების თაობაზე.

პატიმრობა
პატიმრობა

“მოშიმშილე უვადო მსჯავრდებულებს გვესმის რა წინასაარჩევნო და ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის დადების პერიოდის სიმძიმე და მნიშვნელობა, კიდე ერთხელ ვდგამთ კეთილი ნების ნაბიჯს და ბატონ შალვა შავგულიძის სახით ვავლენთ ნდობას ხელისუფლებისადმი, რომ ზემოთ მოხსენებული დაპირებები შესრულდება დათქმულ ვადებში და იმედი აღარ გაგვიცრუვდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსჯავდებულები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაპირება არ შესრულდება, ისინი საპროტესტო აქციებს უფრო მასშტაბურად განაახლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი