ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარის ინფორმაციით, აფხაზი პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა

13 ივნისი, 2014 • • 1483
ქართული მხარის ინფორმაციით, აფხაზი პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გადაუდებელ შემთხვევებთან ერთად გაზრდილია გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველ პაციენტთა რიცხვი აფხაზეთიდან. 

 

2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტთა სტატისტიკური მონაცემი, ქეთევან ბაკარაძის თქმით, მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა, მისივე განმარტებით, შარშან სამედიცინო მომსახურება 12 აფხაზ პაციენტს გაუწიეს. 

 

“მხოლოდ დღეს ოთხი აფხაზი პაციენტი მივიღეთ. მათ შორის- ბავშვი ეპილეფსიით და წყვილი რეპროდუქციული პრობლემით. ყველა მათგანი თბილისში იმყოფება. სხვათა შორის, ეს ცოლ-ქმარი პირველად იმყოფებიან აქ,”- ამბობს ბაკარაძე. 

 

როგორც ბაკარიძე ამბობს, გარკვეულ შემთხვევებში, აფხაზეთის მედპერსონალი თავად ამისამართებს პაციენტებს თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში.

 

“ზოგიერთი პირადად ჩემთან რეკავს, ჩემს პერსონალურ ნომერზე. აფხაზეთში ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია, ჩემს პირად ნომერსაც აძლევენ ერთმანეთს და უშუალოდ მე მიკავშირდებიან. მაშინვე მიგზავნიან დოკუმენტაციას, რომელსაც გადასამოწმებლად ვაგზავნი რეინტეგრაციის სამინისტროში. მერე უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ვუკავშირდებით. ამის შესახებ ინფორმაციას მათივე ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვაჟღერებთ ხოლმე. მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებსაც ვემსახურებით, მათ შორის.”

 

მისი თქმით, თბილისსა და სხვა ქალაქებში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან პაციენტებს უტარდებათ მრავალპროფილური მაღალტექნოლოგიური კვლევები, მაგნიტურ რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფია და მკურნალობა, რეაბილიტაცია და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ძვირადღირებული სამედიცინო დახმარება სჭირდება, ბაკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობენ. 

 

მთავრობის წევრი ამბობს, რომ ეთნიკურად ქართველი პაციენტებისთვის პასპორტიზაციის პრობლემიდან გამომდინარე საზღვრის გადაკვეთა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

 

“აფხაზური პასპორტების მფლობელები ძირითადად ე.წ. პროპუსკებით შემოდიან, რომელსაც სამთავრობო უწყება გასცემს. ეთნიკური ქართველებისთვის ძალიან გართულებულია გადმოსვლის პროცესი, ძირითადად, ალტერნატიული, არალეგალური გზებით შემოდიან.”

 

ბაკარაძე იხსენებს 2 შემთხვევას, როდესაც იმის გამო, რომ საზღვრის გადალახვის საშუალება არ მისცეს, პაციენტი დაიღუპა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის განცხადებით, მათი უწყება არ არის ერთდადერთი, ვისაც აფხაზეთიდან მკურნალობის მიზნით პაციენტები მიმართავენ. როგორც ბაკარაძე ამბობს, აფხაზეთიდან მოქალაქეები უშუალოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რეინტეგრაციის სამინისტროს ან აღნიშნულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უკავშირდებიან. 

 

აფხაზეთიდან საქართველოში მკურნალობის მიზნით გადმოსვლის შესახებ ინფორმაციას ეთნიკური აფხაზებიც ადასტურებენ.

 

“დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დეიდაჩემი იყო საქართველოში ჩასული სამკურნალოდ. სხვაც ბევრი ვიცი, ვინც ამ მიზნით მანდ ჩამოდის. სხვა ალტერნატივა თითქმის არ გვაქვს. რუსეთში გამგზავრება დიდი ფინანსებთან არის დაკავშირებული. საქართველოში, როგორც ვიცი, ფული არ ეხარჯებათ. თან თუ სასწრაფო შემთხვევაა,” – ამბობს ეთნიკური აფხაზი ნეტგაზეთის რესპონდენტი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯანდაცვის უწყების წლიური ბიუჯეტი 800 ათას ლარამდეა, – “თუმცა უკვე გაჩნდა საფუძველი, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს,” – ამბობს ბაკარაძე.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი