ახალი ამბები

მაქსიმუმს ვაკეთებთ სასამართლო პროცესის დასასრულებლად – გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე

1 დეკემბერი, 2018 • 1344
მაქსიმუმს ვაკეთებთ სასამართლო პროცესის დასასრულებლად – გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წლის თავზე აცხადებს, რომ სახელმწიფო სასამართლო პროცესის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. ის კვლავ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ამბობს, რომ შედეგი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ელის.

“მე არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა, კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს, სხვადასხვა კომუნიკაციების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და ის შედეგი იყოს, რომელსაც პირველ რიგში ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება – ობიექტური და იმსახურებდეს ნდობის მაღალ ხარისხს. ამისთვის პოლიცია აკეთებს ყველაფერს და პოლიცია გააკეთებს ყველაფერს.

თუმცა, მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში. ისიც კარგად მესმის, რომ მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ გატარდა, მათ შორის საკანონმდებლო – არ არის ნუგეში არც ნათესავებისთვის და არც მშობლებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა“. – განაცხადა გიორგი გახარიამ

დღეს, 2018 წლის 1 დეკემბერს, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სკოლის მოსწავლეები, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, ქუჩურის გარჩევისას დახოცეს. სარალიძის ოჯახი დღემდე ითხოვს მისი მკვლელების დასჯა და სახელმწიფოს გამოძიების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, “არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება. სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან”.

მკვლელობიდან 1 წლის თაზე, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, რომელიც შვილის მკვლელობის გამოზიების მოთხოვნით თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, პარლამენტიდან ხორავას ქუჩის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო.

სარალიძე-მაჩალიკაშვილის მსვლელობა — ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი