ახალი ამბები

“დაუშვებელია ძალადობა” — პარლამენტარი ცქიტიშვილი რუსთავი2-ის ჟურნალისტზე თავდასხმაზე

1 დეკემბერი, 2018 • 1612
“დაუშვებელია ძალადობა” — პარლამენტარი ცქიტიშვილი რუსთავი2-ის ჟურნალისტზე თავდასხმაზე

პარლამენტარმა “ქართული ოცნებიდან”, დიმიტრი ცქიტიშვილმა ფეისბუკზე დაგმო “ნებისმიერი ფორმის” ძალადობა მას შემდეგ, რაც 30 ნოემბერს რუსთავი2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ.

რუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და არხის ოპერატორი იმყოფებოდნენ ორგანიზაციის, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ოფისში და თავმჯდომარისგან, ნანა კაკაბაძისგან, ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციას 1 500-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა საარჩევნო უბნებზე.

არხის კადრებში ჩანს, რომ კაკაბაძე ჟურნალისტებისგან ოფისის დატოვებას ითხოვს. კაკაბაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება აღარ მისცეს და ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

“საჯაროდ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, მათ შორის შენი “პროვოკაციული” კითხვების გამოც”, – ასე მიმართა დიმიტრი ცქიტიშვილმა მარიამ გაფრინდაშვილს ფეისბუკზე.

“ვიცი შენ ეს ინციდენტი ვერ შეგაშინებს. მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო, ესეც საჯაროდ. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, და განსაკუთრებით ქალზე ძალადობა, და ჟურნალისტზე ძალადობა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს მის მიერ დასმული კითხვა”, – დაწერა პარლამენტარმა.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დროულად გამოიძიონ თავდასხმის საქმე. ქარტია ინციდენტს უწოდებს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.

რუსთავი2-ის ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია სამი მუხლით: ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების და სხვის ტერიტორიაზე შეჭრის მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი