ახალი ამბები

თენგიზ გუნავამ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

12 ივნისი, 2014 • • 1034
თენგიზ გუნავამ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

თენგიზ გუნავას განცხადებით, მან ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში საჩივარი დღეს შეიტანა. ასევე დღეს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო პოლიციას, რათა დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. გუნავა აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მას ცილი დასწამა, როდესაც პაატა ქარდავას მკვლელობაში მონაწილეობა დააბრალა.

 

თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ არც ერთი საგამძიებო უწყება მას არ ედავება არაფერს, ხოლო ქვეყნის პრემიერმინისტრმა წინასაარჩევნოდ, არგუმენტების გარშე, მკვლელბაში თანამონაწილეობა დააბრალა.

 

“მიზეზი ისაა, რომ ისინი გვივარდებიან და პარალიზებულია შტაბი, თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა წააქეზა თავისი აქტივისტები იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო. ადამიანები დაუპირისპირეს ერთმანეთს. ის, რომ გაჭირვებულ ოჯახს იყენებ პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ცალკე თემაა. არგუმენტების გარეშე არც ერთი საგამოძიებო უწყება ჩემზე არ ლაპარაკობს და გამოდის და ლაპარაკობს ჩემზე. ამის გამოა განცხადება შესული. ის იციან, რომ “ქართული ოცნება” აგებს ზუგდიდში არჩევნებს და ყველაფერზე მიდიან. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება ჩემს წინააღმდეგ”, – აცხადებს გუნავა.

 

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის თქმით, იგი მზადაა პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს. მას არ აქვს იმედი, რომ საგამოძიებო უწყებები მის საჩივარზე მოქმედებას დაიწყებენ:

 

“არა მგონია, რომ საგამოძიებო უწყებებმა სრულყოფილად გამოძიონ, მაგრამ მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე”.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის გახსნას 5 ივნისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საქმეში თენგიზ გუნავაც ფიგურირებს. 

 

შსს-ს 5 ივნისის განცხადებით, მათ გახსნეს 2008 წელს ჩადენილი დანაშაული, რომელიც ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი რომან შამათავას დაუმძიმდა.

 

ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

 

პაატა ქარდავა 2008 წლის 27 აგვისტოდან იყო გაუჩინარებული, თუმცა ოჯახს აღნიშნული საქმის თაობაზე არ ჰქონდა გამოძიების შესახებ რაიმე ცნობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი