პროკურატურის განცხადებით, 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს, ხოლო 4 შემთხვევაში გამოძიება აღიძრა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
პროკურატურამ გამოიკვლია უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გახმიანებული საკითხი შალვა გოლოშვილის მიმართ ზეწოლის შემთხვევის ფაქტზე, რომლის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ზეწოლის ფაქტი არ დადასტურდა. გარდა ამისა, პროკურატურის მიერ გამოკვლეულ ფაქტებს შორის უდეში მომხდარი შემთხვევაცაა:
“პროკურატურა დაინტერესდა სოფელ უდეში მომხდარი სავარაუდო ზეწოლის ფაქტებითაც. გამოიკითხნენ საარჩევნო კანდიდატები, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ არ დაადასტურეს, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პრკურატურამ შეისწავლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატის – კახა კილაძის მიერ კანდიდატურის მოხსნის საკითხი:
“გამოკითხვისას კახა კილაძემ განმარტა, რომ კანდიდატურა თავიდავე ფორმალურად დააყენა მისი მეგობრის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის – მიხეილ გოგოტიშვილის თხოვნით, რომელმაც მას აუხსნა, რომ რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ნებისმიერ დროს შეეძლო კანდიდატურის მოხსნა”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა ფაქტების ამსახველი გამოკითხვის ოქმების ნაწილსაც ასაჯაროებს.








