ახალი ამბები

ეკა გიგაურის მეილზე სავარაუდო უკანონო შეღწევას შსს იძიებს

1 დეკემბერი, 2018 • 1609
ეკა გიგაურის მეილზე სავარაუდო უკანონო შეღწევას შსს იძიებს

ეკა გიგაურის განცხადებაზე მისი მეილის გატეხვის სავარაუდო მცდელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას გულისხმობს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ფეისბუქზე 30 ნოემბერს დაწერა, რომ Google-სგან მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მისი მეილის გატეხვას ცდილობს.

“აი, ეს ხდება ჩემს პერსონალურ მეილში! გუგლისგან მივიღე შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. მაგრამ მაინც იდოს ეს აქ ისტორიისთვის,” – წერს ეკა გიგაური.

როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია გუშინ გაავრცელა ტვიტერზე, რის შემდეგაც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი და ჰაკერული თავდასხმის შესახებ დეტალებით დაინტერესდა.

TI-ის ხელმძღვანელი ჰაკერულ თავდასხმაზე განცხადებას ფეისბუკის პირად გვერდზე თან ურთავს Google-სგან მიღებული შეტყობინების სქრინს:

Google-ს შეტყობინება TI-ის აღმასრულებელ დირექტორს. შავად დაფარულია ეკა გიგაურის ელექტრონული მისამართი.

მასალების გადაბეჭდვის წესი