ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამი პარტიის დაჯარიმებას ითხოვს

10 ივნისი, 2014 • • 1356
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამი პარტიის დაჯარიმებას ითხოვს

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ იქნა 3 პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევების ფაქტები, კერძოდ:


1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 271 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 26-29 აპრილს ჩაერიცხა შემოწირულება, ჯამში, 8,690 ლარის ოდენობით. დარღვეულია ცნობების წარმოდგენის 5-დღიანი ვადა, ხოლო თანხა საბანკო ანგარიშზე შეტანილია ნაღდი ანგარიშსწორების წესით; აგრეთვე, ამავე პერიოდის დეკლარაცია წარმოდგენილია ნულოვანი სახით და არ არის ასახული მიღებული შემოსავლები.

 

ასევე, 8-24 მაისის პერიოდში მიღებულია 47,170 ლარის ოდენობის შემოწირულება, რომელიც შეტანილია ნაღდი ანგარიშსწორების წესით.ზემოაღნიშნული ქმედებები არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

2. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით, 2014 წლის 15 აპრილს საქართველოს კონსერვატიული პარტიის საბანკო ანგარიშიდან ბანკომატის მეშვეობით განაღდებულია 500 ლარი გაურკვეველი დანიშნულებით, რის შესახებაც არ უცნობებიათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის.

 

3. ამავე ბრძანების მოთხოვნების დარღვევით, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს გზის“ საბანკო ანგარიშიდან 15-23 აპრილს ბანკომატის საშუალებით გამოტანილია 400 ლარი, ხოლო ბარათით – 249 ლარი, რაც დეკლარაციაში არ არის მითითებული”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში და აღნიშულია, რომ ეს საკითხები არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა“, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით.


“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ სამივე პოლიტიკური პარტიის მიმართ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი