ახალი ამბები

NDI: ძალადობისა და ზეწოლის შესახებ ბრალდებებმა საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა

10 ივნისი, 2014 •
NDI: ძალადობისა და ზეწოლის შესახებ ბრალდებებმა საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა

პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ენ-დი-აის ანგარიშში:

 

NDI თავის შუალედურ ანგარიშიი მიუთითებს, რომ ექსპერტებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლების შეფასებით, გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა, მათ შორის არის სისხლიანი ინციდენტებიც.

 

“27 მაისს თბილისის ერთ–ერთ კაფეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილი აგრეთვე უწყებათაშორის კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. საიამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ყველა მხარეს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო მთავრობას აღნიშნული ინციდენტის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულმა საქმემ განაახლა დისკუსია პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე”, – ვკითხულობთ შუალედურ ანგარშში, სადაც ასევე საუბარია ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტზეც:

 

“მარტის ბოლოს პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ წიკლაური რამდენიმე პირმა სცემა და მისივე განცხადებით, მისი გატაცებაც სცადეს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს ინციდენტის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდეს”.

 

დოკუმენტში მოყვანილია დავით კოდუას წინააღმდეგ განხორციელებულ ფაქტზეც:

 

“მაისის დასაწყისში ბიზნესმენი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მაღალჩინოსნის ძმა, დავით კოდუა სასტიკად სცემეს, რასაც პროკურატურამ ,,შურისძიების ნიადაგზე წინასწარი განზრახვით ჩადენილი ჯგუფური თავდასხმა“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ძალადობასა და ზეწოლებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიკავა და უწყებათაშორისმა კომისიამ დადებითი შეფასება მიიღო, როგორ ფორუმმა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, მმართველი პარტიის სხვა წევრების საჯარო განცხადებები უფრო ორაზროვანი იყო. მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერების მხრიდან აღნიშნული ფაქტების უფრო მკაცრად დაგმობა საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდგომ ძალადობის და ზეწოლის მიმართ შეუწყნარებლობის სიგნალს გააგზავნის. შემდგომში ძალადობის პრევენციის მიზნით უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ”.


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი NDI
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი NDI

 

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით,  პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ იმ ინციდენტების პოლიტიზებისგან, რომლებსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

 

“მაგალითად, გარდაბანში ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის მომხდარი შეტაკება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. ასეთმა რეაგირებამ შესაძლოა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მდგომარეობის დაძაბვა გამოიწვიოს. NDI რეკომენდაციით მიმართავს პარტიებს, შეიმუშაონ და აღასრულონ შიდაპარტიული ქცევის კოდექსი, რათა აიღონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი წევრების ქმედებებზე”.

 

დაშინება და ზეწოლა ენ-დი-აის ანგარიშში


“მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კამპანიას სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატი გამოეთიშა. 30–ზე მეტ შემთხვევაში კანდიდატურის მოხსნა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება, თუმცა NDI–მ დეტალების დადასტურება ვერ შეძლო. სამართლიანი არჩევნების, საერთაშორისო გამჭვირვალობისა და საიას მიერ 30 მაისს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევებმა გააჩინა ეჭვი, რომ ამის საბოლოო მიზანი ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მთლიანი პარტიული საარჩევნო სიების გაუქმებაა. განცხადება გააკეთეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც: „ნათელია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში საარჩევნო კანდიდატების მოხსნა ზეწოლის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს და მიუღებელია, თუ ამას მართლაც ჰქონდა ადგილი.“ სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატების მოხსნის შემთხვევების უმრავლესობა კონცენტრირებულია დმანისისა და ნინოწმინდის რაიონებში, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ოლქებში მდებარეობს. აღნიშნულ ოლქებში ერთი და იმავე პარტიული სიიდან რამდენიმე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა”.

 

ანგარიშში აღნიშულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა თითოეულ პარტიულ სიაში კანდიდატების მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მთლიანი პარტიული სია უქმდება. მაგალითისთვის, დმანისში ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის ოთხმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რითაც მათი შანსი მანდატების მოპოვებისა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამავე ბლოკის სამმა კანდიდატმა კი ნინოწმინდაში მოხსნა კანდიდატურა. დამატებით, კანდიდატურა მოხსნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხუთმა წარმომადგენელმა დმანისში და “საქართველოს გზის” ხუთმა კანდიდატმა ახალციხეში.


“ის ფაქტი, რომ აღნიშნული შემთხვევები უმეტესად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხდება, ქმნის დამატებითი შეშფოთების საფუძველს იმ ამომრჩეველთა დაშინების კუთხით, რომლებიც, ტრადიციულად, საარჩევნო უფლებას არაპროპორციულად ვერ ახორციელებდნენ. ცესკომ გააუქმა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე დმანისსა და ნინოწმინდაში. დამატებით, ცესკომ მოსთხოვა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამოიძიონ ყველა შემთხვევა, როდესაც კანდიდატებმა მათ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე მიმართეს და ჩატარებული მოკვლევის შედეგები სამი დღის ვადაში აცნობონ ცესკოს. ეს შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. დამატებით, ცესკოს 13–ვე წევრმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით კანდიდატურის მოხსნა პარტიული სიის გაუქმების მიზეზად აღარ ჩაითვლება”.


ენ-დი-აის განცხადებით, მარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნამ იმ მიზეზით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა ორწლიანი საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნას, უთანხმოება გამოიწვია.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლებამ რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით კანდიდატზე, ხოლო რეგისტრაციის გაუქმების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა განახორციელა. სამთავრობო უწყებებმა კი განაცხადეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს დაემუქრნენ. მდგომარეობის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად მნიშვლოვანია, რომ ინციდენტის გამოძიება გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. მხარეებმა საჩივრების წარდგენის არსებული მექანიზმები უნდა გამოიყენონ, რათა კანდიდატებზე განხორციელებული დაშინებისა და ზეწოლის ბრლადებები ოფიციალურად იქნას გამოძიებული. NDI–მ და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა მოისმინეს ბრალდებები დაშინების ფაქტების შესახებ, რომლებიც შესაბამის ორგანოებში არ გადაგზავნილა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამის მიზეზად შესაბამისი ინსტიტუტების მიერ ძალადობის ბრალდებების გამოძიების ნებისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, არსებული პროცედურები არის გადამწყვეტი პირველი ნაბიჯი მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია დოკუმენტში.


ანგარიშის დასკვნაში წერია, რომ NDI–ის გრძელვადიანი ანალიტიკოსებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, ამ დრომდე საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონემ საკუთარი მოვალეობები კანონით დადგენილი ვადების დაცვით განახორციელა.


“ზოგადად, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ და წინა არჩევნებთან შედარებით მათ გაზრდილ პროფესიონალიზმზე მიუთითებენ. NDI და ადგილობრივი დამკვირვებლები დაესწრნენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ტრენინგებს და აღნიშნეს, რომ ტრენინგები არის პროფესიული, თანმიმდევრული, ინტერაქტიული და დასწრების მაღალი დონით გამოირჩევა. საჭიროების შემთხვევაში ტრენინგები უმცირესობების ენებზე ჩატარდა. თუმცა დაპირისპირება არჩევნებში მონაწილე ორ ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ბლოკს – ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის სხვა მხრივ დემოკრატიული ხასიათის საარჩევნო და მმართველობის პროცესების შემასუსტებელ გარემოებად რჩება. პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და დარეგისტრირებულ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ბოლო პერიოდში გაჟღერებულმა ბრალდებებმა ჩრდილი მიაყენა საარჩევნო კამპანიას, რომლის მშვიდობიან გარემოში წარმართვის პირობა პოლიტიკურმა ლიდერებმა დადეს”, – ნათქვამია ანგარიშში.


ენ-დი-აის განცხადებით, წინამდებარე ანგარიში ოთხი გრძელვადიანი საარჩევნო ანალიტიკოსის მოკვლევის შედეგებს ეფუძნება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელიც 18 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, მისიის წევრებმა მოინახულეს 36 საარჩევნო ოლქი, ჩაატარეს 225–ზე მეტი შეხვედრა მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან და დაესწრნენ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს. NDI–ის ანალიტიკოსები საარჩევნო პროცესებს არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეაფასებენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი