ახალი ამბები

სტუდენტებს ღარიბაშვილთან შესახვედრად „ქართული ოცნების“ მაისურები დაურიგეს

9 ივნისი, 2014 • 1685
სტუდენტებს ღარიბაშვილთან შესახვედრად „ქართული ოცნების“ მაისურები დაურიგეს

 

„ინფორმაცია სტუდენტურმა თვითმართველობამ მოგვაწოდა, ჩემს სტუდენტებსაც ეს ინფორმაცია სტუდენტური თვითმართველობისგან ჰქონდათ, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრაა და ბევრი ხალხია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ სტუდენტებს გამოვყოლოდი, რადგან ჯერ კიდევ სამუშაო საათებია, თან პირველკურსელებს ასე მეთვალყურეობის გარეშე ვერ გამოვუშვებდი. ორგანიზებაში მონაწილეობა მე არ მიმიღია, ახლა დავაზუსტე, რომ შეხვედრა ერას მოედანზე იქნება. მაისურებს კი იმათ ურიგებენ. ვისაც სურვილი აქვთ,“ – განაცხადა მადონა მიქელაძემ, განათლების ფაკულტეტის დეკანმა „ბათუმელებთან“.

 

უნივერსიტეტის ეზოში ძირითადად უნივერსიტეტის პირველ-მეორე კურსის სტუდენტები შეიკრიბნენ, საზაფხულო თეატრთან კი სტუდენტებს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებმა  „ქართული ოცნების“ მაისურები დაახვედრეს.

 

 „ფსიქოლოგიას ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ, დეკანის მოადგილემ გვითხრა, ღარიბაშვილთან შეხვედრაზე თუ გინდათ წასვლა, მოდითო, აქ მაისურები დაგვახვედრეს, ამას არ ველოდი, არ ვიცი ჩავიცვა თუ არა, ყველა რომ ჩაიცვამს მე რა ვქნა? ასე ხომ არ ვიდგები? – ჩავიცვამ. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის ჩავიცვამ თუ არ ჩავიცვამ, უბრალოდ ეს აქამდე არ უთქვამთ, რომ მცოდნოდა შეიძლება არ წამოვსულიყავი,“ – ამბობს სოფო ჩინბა.

 

საკუთარი ინიციატივით ჩაიცვა მაისური მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი კომახიძემ: „მერაბ დიასამიძემ, ჩემმა კურატორმა, მითხრა რომ უნივერსიტეტში შესახვედრად პრემიერი მოდიოდა, პირველ რიგში მაგის გამო მოვედი აქ, მაისურს იმიტომ ვიცვამ რომ მხარი დავუჭირო ერთიანობას, ჩემთვის ეს პარტია მისაღებია.“

 

 

სტუდენტური თვითმართველობის წევრები უარყოფენ ამ შეხვედრასთან რაიმე კავშირს, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე მინურ პაქსაძე ამბობს, შეხვედრის შესახებ მათაც გაიგეს ისე როგორც სხვებმა და შეხვედრაზე საკუთარი ნებით მიდიან: „ყველა სტუდენტი აქ საკუთარი ნებასურვილით მოვიდა, ძალით არავინ არ აცმევს მათ მაისურებს, ყველამ იცოდა რა სახის იქნებოდა ეს შეხვედრა. როგორც თქვენ მიიღეთ ინფორმაცია, რომ პრემიერი მოდიოდა ისე გავიგეთ ჩვენც, ყველა თავისი სურვილით მოდის. თვითმართველობა არ მონაწილეობს ამ შეხვედრაში, როგორც რიგითი სტუდენტი ისე მოვედი, თვითმართველობას არ ვიყენებ, სასწავლო პროცესი დღეს არ არის, სწავლა დამთავრდა უკვე,“ – ამბობს მინურ პაქსაძე.

 

შეხვედრის შესახებ კოლეგიდან გაიგო უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა ვერულიძემ: „საპროფესოროში შემოვიდნენ და გვითხრეს, ვისაც პრემიერთან შეხვედრა სურს ხუთზე მოდით უნივერსიტეტთან და ამის მერე წავალთ შესახვედრადო, სხვა არაფერი ინფორმაცია არ ჰქონდათ, ვაპირებ მივიდე და ვნახოთ რა იქნება.“ 


შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში აჭარაში იმყოფება, ხოლო 20:00 საათზე ბათუმში, ერას მოედანზე ის ქართული ოცნების საარჩევნო კანდიდატებს წარადგენს აჭარის რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი