“შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა შემოსულ შეტყობინებაზე პოლიციამ მიიღო შესაბამისი ზომები და არც ერთი ფაქტი არ დარჩა რეაგირების გარეშე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
სამინისტრო მოუწოდებს ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პოლიციას, სამართალდამცველები დაუყოვნებლივ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.
ასევე მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გუშინ, 8 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც საელჩო შეშფოთებულია საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო საქართველოში. აღნიშნულის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
“ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე, სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და სათანადო რეაგირებას განახორციელებენ მომხდარზე.”