ახალი ამბები

მთავრობა: პოლიტიკურ კონკურენტებზე ზეწოლა იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას

9 ივნისი, 2014 •
მთავრობა: პოლიტიკურ კონკურენტებზე ზეწოლა იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას ამ პროცესში:

 

“ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ერთხმად აღიარა საუკეთესოდ და შეფასდა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტით ჩატარებულად. დარწმუნებული ვართ, რომ ასე ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში”, – აცხადებენ მთავრობაში.

 

გუშინ, 8 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც საელჩო შეშფოთებულია საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო საქართველოში. აღნიშნულის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს:

 

“ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე, სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და სათანადო რეაგირებას განახორციელებენ მომხდარზე.”

 

მთავრობა, ასევე, გამოეხმაურა ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წარდგენილი გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხნის თაობაზე.

“რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობასა და გადაწყვეტილებებში ხელისუფლება არ ერევა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი