ახალი ამბები

სახალხო დამცველი: უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავდებულთა პროტესტს ვიზიარებ

9 ივნისი, 2014 • • 907
სახალხო დამცველი: უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავდებულთა პროტესტს ვიზიარებ

“მე ვიზიარებ ამ პროტესტს. უვადო მსჯავრდებულები დიდი ხნის განმავლობაში ელიან გადაწყვეტილებას მათ საკითხთან დაკავშირებით. არაერთხელ შევხვდი მათ. ისინი ადრეც აპირებდნენ შიმშილობას. საუბარია იმაზე, რომ მათ უნდათ იმ განაჩენების გადასინჯვა, რომლებიც არის გამოტანილი და მათი აზრით არის საკმაოდ მკაცრი. ამ მხრივაც გადასახედია ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა უვადო მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, ანუ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს გარვეულწილად უნდა გაეწიოს ანგარიში, მით უმეტეს, რომ სამი ქალი უვადო მსჯავრდებული შიმშილობს. თუნდაც მათ მიმართ უნდა იყოს გარკვეულწილად სხვანაირი დამოკიდებულება”, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართული შშმპ მსჯავრდებულთა ციხეებში არებული მდგომარეობის შესახებ გამართული კვლევის პრეზენტაციაზე. 

 

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს შიმშილობა აქვთ გამოცხადებული. საქართველოში უვადო პატიმრობა 83 მსჯავრდებულს აქვს მისჯილი, რომელთაგან 47 შიმშილობს. 

 

უვადოდ დაპატიმრებული ადამიანი შეიძლება ვადამდე ადრეც გაათავისუფლონ. ეს მაშინ მოხდება, თუ ამ ადამიანმა უკვე გაატარა ციხეში 25 წელიწადი.

 

პატიმრების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ისინი პატიმართა მოთხოვნებს უერთდებიან.

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2013 წლის 19 დეკემბერს განაცხადა, რომ მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უვადო პატიმრებს შეეხებათ. მინისტრის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ 2014 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი