ახალი ამბები

თუ კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის ფოტოებიანი ვერსია, ეს დარღვევა არ არის – ცესკო

28 ნოემბერი, 2018 • 1292
თუ კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის ფოტოებიანი ვერსია, ეს დარღვევა არ არის – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, თუ კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის დარღვევა არ არის.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, მთავარია, აღნიშნულ სიებზე პირადი ნომრები არ იყოს დატანილი.

“არსებობს სიის სამაგიდო ვერსია, რომელიც აქვთ მხოლოდ რეგისტრატორებს და არსებობს სიის საჯარო ვერსია, რომელიც არის გაკრული. ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია დამუშავებისთვის და ინფორმაციისთვის ასევე მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, თუკი გარეთ რომელიმე კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით დარღვევა არ არის”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიას თან ახლავს ფოტოები, თუმცა პირადობის მოწმობის ნომერი დატანილი არ არის.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნების ნაწილში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კოორდინატორებს ფოტოსურათებიანი სიები აქვთ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის აღსარიცხად. “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლების განცხადებით, ეს ცესკოს სამაგიდო სიებია და მათ უკვირთ, როგორ აღმოჩნდა ისინი კოორდინატორების ხელში. ინფორმაცია ფოტოსურათებიანი სიების არსებობის შესახებ საიამაც გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი