ახალი ამბები

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების ოჯახის წევრები კანცელარიასთან აქციას მართავენ

9 ივნისი, 2014 • • 1347
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების ოჯახის წევრები კანცელარიასთან აქციას მართავენ

აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ 10 საათზე დაიწყო. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ამნისტიციის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მათაც შეეხოთ, თუმცა მათი სამუდამო პატიმრობის ვადა არ შეცვლილა.

 

“ისინი მოითხოვენ, რომ მათაც შეეხოთ ის შეღავათები, რომელიც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიციის შესახებ კანონმა თითქოს გაწერა, მაგრამ რეალურად მათ არ შეეხოთ. ყველა პატიმარს შეეხო აბსოლურტურად, ზოგს მესამედი მოაკლდა, ზოგს მეოთხედი, განახევრდა, ან ზოგი საერთოდ გათავისუფლდა. მათ ჩაუწერეს, რომ მოგაკლდათ ერთი მეოთხედი და დაგრჩათ უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც არის ცინიზმი და დაცინვა,” – განუცხადა გელა ნიკოლაიშვილმა ტელეომპანია “იმედს”.

 

პატიმრობა
პატიმრობა

“როდესაც ამნისტია გამოვიდა, 24 ათას პატიმარს შეეხო. ზოგი გაათავისუფლეს, ზოგს ნახევარი, ზოგს მესამედი, ამათაც ვითომ შეეხოთ ერთი მეორთხედი, მაგრამ სინამდვილეში ამათ არაფერი არ შეცვლილა, ესენი არიან ცოცხლად დამარხულები,” – განუცხადა “იმედს” სოფო ტორაძემ, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრის ახლობელმა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ პატიმრებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა წინასწარ კონკრეტული დაპირებების მიცემა არ შეუძლია:

 

“რაც შეგვიძლია, მაქსიმალური ყურადღება გვაქვს. ახლა რამე განსაკუთრებლის დაპირება ძნელია, იმიტომ რომ ერთბაშად ამ საქმეების გადახედვა ან ისეთი კანონის მიღება ყველა რომ გარეთ გამოვიდეს იქნება შეუძლებელი. იქნება შეხვედრა და გარკვეული დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ როგორ დამთავრდება.”

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრებს შიმშილობა აქვთ გამოცხადებული. საქართველოში უვადო პატიმრობა 83 მსჯავრდებულს აქვს მისჯილი, რომელთაგან 47 შიმშილობს. 


უვადოდ დაპატიმრებული ადამიანი შეიძლება ვადამდე ადრეც გაათავისუფლონ. ეს მაშინ მოხდება, თუ ამ ადამიანმა უკვე გაატარა ციხეში 25 წელიწადი.

 

უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება 18 მუხლის მიმართ:

 განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;

არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);

სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება;

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა;

საბოტაჟი;

ტერორისტული აქტი;

ტექნოლოგიური ტერორიზმი;

კიბერტერორიზმი;

საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა;

საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა;

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით;

ტერორიზმის დაფინანსება;

აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება;

გენოციდი;

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ;

ეკოციდი;

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს

მასალების გადაბეჭდვის წესი