ახალი ამბები

შევქმენით ალტერნატიული “ცესკო” გაყალბების წინააღმდეგ – ვაშაძე

28 ნოემბერი, 2018 •
შევქმენით ალტერნატიული “ცესკო” გაყალბების წინააღმდეგ – ვაშაძე

გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” წინასაარჩევნოდ “ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისია” შექმნა. ამის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა და ოპოზიციის მიერ შექმნილი ცენტრების სპეციფიკა ახსნა.

მისი თქმით, “ალტერნატიული ცესკო” არჩევნების გაყალბებისგან პრევენციის საშუალებაა, რომელიც პირველი ტურის დროსაც მოქმედებდა, თუმცა ახლა გაფართოვდა.

“დაახლოებით ხუთი ცენტრი გვაქვს, საიდანაც ვიღებთ ყველა მონაცემს უბნებიდან, რომლებიც შემდეგ მუშავდება. ფაქტობრივად, ასე შევძელით და ავაწყვეთ პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ვიცით, რომ კომისია, საოლქოები და საუბნოები, ეკუთვნის “ქართულ ოცნებას”. სამწუხაროდ, ნაცვლად დამოუკიდებლობისა, ისინი ასრულებენ მათ დავალებას. ჩვენი ტექნოლოგიებით ამ ყველაფერს დავამარცხებთ”, – აღნიშნა მან.

ოპოზიციის მიერ შექმნილი სისტემა თავს იყრის ვებგვერდზე dzalaertobashia.ge, სადაც საარჩევნო უბნების რუკაა მოცემული. კოალიციის წარმომადგენელთა მიერ აღრიცხული დარღვევები, თავისი აღწერით, სწორედ ამ რუკაზე განთავსდება. მსურველებს შეუძლიათ, საარჩევნო პროცესში შემჩნეული შესაძლო დარღვევის შესახებ შეტყობინება საიტზევე დატოვონ.

ვაშაძის განცხადებით, რუკაზე ავტომატურად გაწითლდება უბნები, რომელთაც ოპოზიცია “რისკ ზონებად” მოიაზრებს.

“სისტემა ასევე აწითლებს უბნებს, სადაც არის მოჭარბებულად მაღალი აქტივობა და წინასწარ ვიცით, რომ ამ უბანზე სავარაუდოდ ცდილობენ გაყალბებას, პირველი ტურის მონაცემებიდან გამომდინარე”, – დასძენს ის.

მისი თქმით, შეიქმნა ალგორითმი, რომელიც ადგენს, თუ “სად არის პრობლემა, სად შეიძლება მოახდინოს ქართულმა ოცნებამ გაყალბება”:

“თითოეულ უბანზე შვიდი საათიდან გვექნება ყოველ ნახევარ საათსა და ერთ საათში აღრიცხვა უბნების მიხედვით. აქტივობა რამდენია, რამდენი ამომრჩეველი შემოვიდა, გაიხსნა თუ არა საარჩევნო უბანი, რამდენი ჩვენი დამკვირვებელია ადგილზე მისული… გარდა იმისა, რომ მონიტორინგს აქ ვაკეთებთ, მონიტორინგს ახორციელებენ ასევე ჩვენი რაიონული შტაბები. სადმე თუ არის ხარვეზი, გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც მყისიერად მიდიან ადგილზე და ადგენენ ამ ყველაფერს”.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საიტის სერვერეული ინფრასტრუქტურა აშშ-სა და საფრანგეთშია(სტრასბურგი) თავმოყრილი და საიმედოდ არის დაცული.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს, 28 ნოემბერსაა ჩანიშნული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი