ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ იმამკულიევისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა კანონის მოთხოვნით ახსნა:
“მოტივი იყო ის, რომ კანონით მოთხოვნილი ორი წლიდან დაახლოებით ერთი წელი კანდიდატი არ იმყოფებოდა საქართელოში”.
აკმამედ იმამკულიევი აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლში გაასაჩივრებენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით კი, ამ გადაწყვეტილებით ცესკომ დაამტკიცა, რომ პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დირექტივებს:
“იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ანალოგიურ შემთხვევაში, სახელისუფლებო კანდიდატებთან მიმართებაში ცესკომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მათ რეგისტრაცია არ გააუქმა და ზუსტად იგივე ადამიანებმა დღეს ხელი აუწიეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას”– განაცხადა გოგორიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობა ცესკოს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ამბობს, რომ ზუსტად ანალოგიურ შემთხვევებში, როდესაც საქმე ქვეყანაში 2-წლიანი ცხოვრების ცენზს ეხებოდა, ცესკომ რუსთავში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ხოლო ფოთში გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციიდან არ მოხსნა. ამის შესახებ ნეტგაზეთს დღეს ლევან თარხნიშვილმა უთხრა. მისი თქმით, მარნეულის შემთხვევა, ასევე, ის ფაქტი, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა გორში მერობის კანდიდატად დარეგისტრირება ვერ შეძლო, მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციისთვის ქვეყანაში სხვა სტანდარტი არსებობს, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატებისთვის სხვა მიდგომა მოქმედებს.
თამარ ჟვანია აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში მან და მისმა მოადგილემ მხარი არ დაუჭირეს კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობას:
“რაც შემეხება პირადად მე და ერთგვაროვან გადაწყვეტილებებს, მეც და ჩემმა მოადგილემაც ოთხივე შემთხვევაში მივიღეთ აბსოლიტურად ერთგვაროვანი გადაწყვეტილება და ოთხივე შემთხვევაში მეც და ჩემმა მოადგილემაც მოხსნას დავუჭირეთ მხარი”– განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოხსნა. ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათი გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ” მოითხოვა, რომელსაც ადვოკატი ემზარ პაქსაძე წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი ეყრდნობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლს, რომლის თანახმად კანდიდატი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ნაცმოძრაობის გამგებლობის კანდიდატს ეს მოთხოვნა დარღვეული აქვს.







