ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის

7 ივნისი, 2014 • 1573
ფიზიკური დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის

გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ბათუმში, მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი თავართქილაძის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ. 

 

 

მოქალაქეებმა გიგა ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებს 26 მაისი გაახსენეს: „თქვენ ალყა შემოარტყით რუსთაველს და ხალხს სიცოცხლის უფლება მოუსპეთ“- ამ პრეტენზიებს ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს დათო ლორია და ჯემალ დუაძე უყენებდნენ. სწორედ მათსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის მოხდა დაპირისპირება. 

 

„თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, იგივე განმეორდება. იტყვი რამეს და დაგარბევენ, გაწამებენ და უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს მოგისპობენ“ – ამბობდნენ ჯემალ დუაძე და დათო ლორია. ჯემალ დუაძე ჟურნალისტებს ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაეცნო, დათო ლორია კი, როგორც მან განაცხადა, ახალგაზრდული სახალხო მოძრაობის დაფუძნებელია აჭარაში. 

 

„როცა შენ გაქვს განსხვავებული აზრი და არ მოგწონს ცემა-ტყეპა, იგივეს არ უნდა აკეთებდე“ – ეუბნებოდა დაპირისპირებულ პირებს გიგა ბოკერია. 

  

„თქვენ ნახეთ, რომ მათ ქალებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და ერთ ფორმიან პოლიციელსაც  ვერ ნახავთ აქ. ხელისუფლება იქცევა უზნეოდ, დღეს მერვე შეხვედრა გვქონდა ჩვენ, სახელისუფლებო კანდიდატები არ დადიან ქუჩაში, არ ელაპარაკებიან ადამიანებს და ეტყობა შურთ, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატებით ვმოძრაობთ. ამით რომ ვერ გაგვაჩერებენ, ამას ერთი წლის წინ უნდა მიმხვდარიყვნენ, ამ კუნთმაგარს მინდა ვუთხრა, რომ ხალხის სახელით დაანებონ ლაპარაკს თავი. ქართული ოცნების რეალობა, ძალიან მალე იქნება ერთ ხელში კვერცხი და მეორეში – ცოცხი“- განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმის გასარკვევად, თუ რატომ არ იყო ადგილზე პოლიცია მობილიზებული, უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერ–ჯერობით სიტუაციაში ერკვევიან და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

 

„ნაცმოძრაობის წევრებმა“ ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე წინასაარჩევნო შეხვედრა ცირკის წინ, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზეც ჩაატარეს. 

 

„მე არ მაქვს ილუზიამ, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს რომელიც მთავრობაშია, „ოცნება“ – ივანიშვილის გუნდს შევცვლით, მაგრამ უნდა ვაიძულოთ რომ ნაკლები ზიანი მოიტანონ და რაღაცა მაინც გააკეთონ. არ იმჩნევენ რომ გაჩერებულია მთელი ქალაქი, მარტო კრიმინალი და უმუშევრობა იზრდება, ამას უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი შენჯღრევის, რომ ამისთვის ისინი არავის აურჩევია“- განაცხადა გიგა ბოკერიამ შეხვედრისას. 

 

 “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ ამომრჩეველთან შეხვედრა გაგრძელდა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი