“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები არ ყოფილან „ქართული ოცნების“ წევრები.
“ჩვენი ინფორმაციით, იქ შეკრებილი იყო გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები, რომელთა შორისაც შესაძლოა ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც”, – აცხადებს კოალიცია.
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პაატა ქარდავას გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს.
კოალიციის განცხადებით, გარდაცვლილი ოფიცრის ხსოვნისა და მისი ახლობლების მდგომარეობის პატივისცემის გამო არ აპირებს ნაციონალურ მოძრაობასთან ამ ყოვლად მიუღებელ პოლემიკაში ჩართვას.
ის დაელოდება საქმეზე სასამართლო განაჩენს და იმედი აქვს, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება, რათა არავის ჰქონდეს “ადამიანების ტრაგედიით მანიპულირების საშუალება.”
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის განცხადებით, 6 ივნისს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე „ქართული ოცნების“ 100-მდე აქტივისტი შეეცადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში შეჭრას. რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები, თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნული ფაქტი მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამოვლინებად მიიჩნია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, დაკავებულია ორი პირი, ერთი მათგანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ხოლო მეორე- ამავე ბრალდებით და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. ორივე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა გათვალისწინებული.
გუშინ შსს-მ გახსნილად გამოაცხადა 2008 წლის 27 აგვისტოს გაუჩინარებული პაატა ქარდავას საქმე და განაცხადა, რომ ქარდავა კუდ-ის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა რომან შამათავამ მოკლა. ამავე საქმის კომენტირებისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქარდავას მკვლელობის საქმეში თენგიზ გუნავა ფიგურირებს, რომელიც იმ დროისთვის შსს-ს მაღალჩინოსანი იყო სამეგრელოში, ხოლო ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატია ზუგდიდში. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავაც ფიგურირებს, თავად გუნავა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.