ახალი ამბები

მარგველაშვილი უკრაინის პრემიერს შეხვდა და ევრომაიდანზე დაღუპულებს პატივი მიაგო

6 ივნისი, 2014 • • 1158
მარგველაშვილი უკრაინის პრემიერს შეხვდა და ევრომაიდანზე დაღუპულებს პატივი მიაგო

უკრაინის პრემიერთან შეხვდრაზე საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს გზა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა უკრაინამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დიდ ევროპულ ოჯახში, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატიული არჩევნებით  უკრაინელმა ხალხმა მოახდინა ძლიერი ნების დემონსტრირება და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა შექმნას ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი  ევროპული ქვეყანა, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრემიერმინისტრ არსენ იაცენუკს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრემიერმინისტრ არსენ იაცენუკს შეხვდა

შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილი და არსენ იაცენუკი შეთანხმდენენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობისა და  პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.   

 

როგორც პრეზიდენტის პრესსასმახური იტყობინება, შეხვედრისას მხარეებმა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებიც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისს მიიღო.

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კიევში, ევრომაიდანზე მივიდა და პატივი მიაგო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ევრომაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა ევრომაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„დღეს ჩვენ ჩამოვედით კიევში, რათა მონაწილეობა მივიღოთ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც უკრაინისთვის არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ევროპაში, უკრაინასა და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ბუნებრივია, ჩვენ დღესვე მოვედით მაიდანზე და პატივი მივაგეთ აქ დაღუპული გმირების ხსოვნას,რომელთა შორისაც აგრეთვე არიან ქართველები. ჩვენ გამოვხატეთ საკუთარი  პოზიცია და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლისა და ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

უკრაინაში ვიზიტის მეორე დღეს გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად  უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

 

საქართველოს პრეზიდენტს თან ახლავან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე,პრეზიდენტის  საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ივანე მაჭავარიანი და საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი