ახალი ამბები

მარგველაშვილს და ილია II-ს Nytimes Turning Points-მა სპეციალური პრიზი გადასცა

27 ნოემბერი, 2018 • 1485
მარგველაშვილს და ილია II-ს Nytimes Turning Points-მა სპეციალური პრიზი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან ერთად საუკუნის “სახე(ლ)ების” დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოში The New York Times-ის ლიცენზიანტი საგამომცემლო სახლის „სახე(ლ)ები“ 2018 წლის გამოცემების წარდგენა და საქველმოქმედო აუქციონი.

საგამომცემლო სახლის “სახე(ლ)ები” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოცემა The New York Times Turning Points-მა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და საქართველოს პრეზიდენტს გამოცემის სპეციალური პრიზი გადასცა.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული პრიზი გადაეცა შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისათვის.

ღონისძიებაზე სიმბოლური პრიზით საქართველოს პირველი ლედიც დაჯილდოვდა. გამომცემლობისგან მაკა ჩიჩუას გადაეცა საყოველთაო სიმპათიის პრიზი.

გამოცემის პრეზენტაციაზე გამომცემლობის „სახე(ლ)ები” სიმბოლური პრიზით ასევე დაჯილდოვდნენ ქართული კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, კომპოზიტორი გია ყანჩელი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, ფერმწერი და სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი და მხატვარი დიმიტრი ერისთავი.

ღონისძიების დასასრულს გამომცემლობის “სახე(ლ)ები” მიერ ცნობილი ადამიანების მიერ წარდგენილი ნივთების ტრადიციული საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხით განხორციელდება უმწეო მოხუცთა და ბავშვთა ინტეგრირებული სახლის მშენებლობა.

“ასეთი სახლი მსოფლიოში სულ რამდენიმეა და ათწლეულის საუკეთესო იდეის სახელითაა ცნობილი. წლევანდელ აუქციონზე წარმოდგენილ 50-მდე ლოტს შორის საქართველოს პრეზიდენტის მიერ კაკლისა და რცხილის ხისგან დამზადებული ხელნაკეთი და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდიც იყო, რომელიც 5700 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში გაიყიდა”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი