“დღეს, 6 ივნისს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე „ქართული ოცნების“ 100-მდე აქტივისტი შეეცადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში შეჭრას. „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილ აქტივისტებს, რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები, თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა. ოფისში შეჭრის მცდელობისას მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ,სალომე მაქაცარიას. ამ მომენტისთვის „ქართული ოცნების“ აქტივისტები განლაგებულნი არიან ჩვენი ოფისის გარე პერიმეტრზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, დაკავებულია ორი პირი, ერთი მათგანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ხოლო მეორე ამავე ბრალდებით და ასევე წვრილმანი ხულიგნობის მუხლი. ორივე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა გათვალისწინებული. შსს-ს ცნობით, ადგილზე ამ დრომდე რჩება პოლიცია, რომელიც ცდილობს დაპირისპირების განმუხტვას.
საპარლამენტო ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.
შაგახსენებთ, რომ გუშინ შსს-მ გახსნილად გამოაცხადა 2008 წლის 27 აგვისტოს გაუჩინარებული პაატა ქარდავას საქმე და განაცხადა, რომ ქარდავა კუდ-ის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა რომან შამათავამ მოკლა. ამავე საქმის კომენტირებისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქარდავას მკვლელობის საქმეში თენგიზ გუნავა ფიგურირებს, რომელიც იმ დროისთვის შსს-ს მაღალჩინოსანი იყო სამეგრელოში, ხოლო ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატია ზუგდიდში. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავაც ფიგურირებს, თავად გუნავა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.







