ერდოღანის თავდასხმის შემდეგ, ჯორჯ სოროსის ფონდი თურქეთიდან გადის

მილიარდერი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის დაფუძნებული “ღია საზოგადოების ფონდი” თურქეთს ტოვებს.

გადაწყვეტილება ფონდმა მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სოროსი “ერების გაყოფის და განადგურების მცდელობაში” დაადანაშაულა.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათთვის შეუძლებელი გახდა თურქეთში მუშაობის გაგრძელება მას შემდეგ, რაც მედიაში უსაფუძვლო ბრალდებები გაავრცელეს, ხოლო თურქეთის ხელისუფლება ხელახლა იწყებს გამოძიებას ერდოღანის წინააღმდეგ 5 წლის წინ გამართული საპროტესტო აქციის გამო.

ფონდით თქმით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აახლებს გამოძიებას 2013 წელს გეზის პარკში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ, და ცდილობს, აქციები სოროსის ფონდს დაუკავშიროს. ფონდი უარყოფს რაიმე სახის კავშირს დემონსტრაციებთან, რომელიც, Reuters-ის თანახმად, ერდოღანის 15-წლიანი მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იყო.

საუბარი 2013 წლის ივნისის მოვლენებზე სტამბოლში, გეზის პარკში, სადაც დემონსტრანტები თურქეთის პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. დემონსტრაციები კვირების განმავლობაში გაგრძელდა და მძიმე შეტაკებებში გადაიზარდა. 8 000 ადამიანი დაშავდა, 22 კი დაიღუპა. გამოსვლებს საფრანგეთის 1968 წლის მოვლენებს და აშშ-ში 2011 წლის აქციების, “დაიკავე უოლ-სტრიტი” (Occupy Wall Street), სერიას ადარებენ. აქციის დაშლის გამო ერდოღანი მაშინ ფეტულა გიულენმაც გააკრიტიკა.

ერდოღანმა სოროსი წინა კვირას გააკრიტიკა, როდესაც 13 აქტივისტის და აკადემიკოსის დაკავებაზე საუბრობდა. თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად აკადემიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები დააკავა. შესაბამისი ღონისძიებები სტამბოლსა და სამ სხვა პროვინციაში 16 ნოემბერს ჩატარდა. თურქეთი ამ აქტივისტებსაც იმავე აქციების შესახებ ედავება.

დაკავებულებს პატიმრობაში მყოფ თურქ ბიზნესმენთან და უფლებადამცველთან, ოსმან კავალასთან და მის არასამთავრობო ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან. კავალას თურქეთის ხელისუფლება მთავრობის დამხობის მცდელობასა და 2013 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

ერდოღანმა განაცხადა: “ის ადამიანი [ოსლან კავალა, რომელმაც დააფინანსა ტერორისტები გეზის ინციდენტისას, უკვე ციხეშია. და ვინ დგას მის უკან? ცნობილი უნგრელი ებრაელი სოროსი. ეს არის კაცი, რომელიც ირჩევს ხალხს, რათა გაყოს ერები და დაამსხვიოს ისინი. ამდენი ფული აქვს და ამაში ხარჯავს”.

ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი წლების განმავლობაში არიან ანტისემიტური თავდასხმების და კონსპირაციული თეორიების ადრესატები.

ფონდი უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის მხრიდანაც გახდა თავდასხმების ობიექტი, რის გამოც მათ ცენტრალურ ოფისს უნგრეთის დატოვება მოუწია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com