ზაზა გაბუნია ამბობს, რომ მისი და მარიამ ჯაშის ინიციატივით “დედაენა” “ხელშეუხებელი ხდება”

პარლამენტის წევრებმა, მარიამ ჯაშმა და ზაზა გაბუნიამ პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით “დედაენის” საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს.

“ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივით, “დედაენა” კანონის დონეზე ხდება ხელშეუხებელი”, – დაწერა 26 ნოემბერს გაბუნიას ფეისბუკის ოფიციალურმა გვერდმა.

პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, “დედაენა”, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, “დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით”.

“საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც, კონვენციის შესაბამისად, გულისხმობსზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად – მათ შორის, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენარჩუნებას, დაცვას,პოპულარიზაციას, მისი როლის ამაღლებასა და მის გადაცემას უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც “დედაენის” – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში”, – განმარტავს პარლამენტის პრესსამსახური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com