აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, დაზარალებულის ახლობლები, თანასკლასელები და მასწავლებლები შეუერთდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი “ქართლოსის” ცნობით, აქციის მონაწილეებმა არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებულ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოებისგან დროული და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოება აქტიურად იდგება სიმართლის სადარაჯოზე.
,,ჩვენ გვაქვს კითხვები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გვინდა, რომ გამოძიებამ ამ კითხვებს გასცეს დროული და ობიექტური პასუხები. დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა გორის საზოგადოება, რისთვისაც ყველას მინდა მადლობა გადავუხადო,“ – აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა მეგი ბიბილურმა.
სამი დღის წინ გორში მცხოვრები 14 წლის გოგონა მრავლობითი დაზიანებებით ქალაქის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის ამჟამად იაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, გოგონამ თვითმკვლელობა სცადა, ხოლო გოგონას ოჯახის წევრებს აღნიშნული ვერსიის არ სჯერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა] დაიწყო.








