ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ყაზბეგში პანიკის საფუძველი არ არსებობს

6 ივნისი, 2014 •
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ყაზბეგში პანიკის საფუძველი არ არსებობს

სამინისტროს ცნობით, დღეს დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა სისტემური დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე მცირე სიძლიერის სეისმური ბიძგები დააფიქსირა, რის გამოც დამეწყრილ ტერიტორიაზე მობილიზაცია გამოცხადდა. 

 

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დევდორაკის ხეობაში 170 პირი მუშაობს. ნებისმიერი გართულების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბმა  სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე შესაბამისი სპეციალისტების მიერ  გრძელდება მყინვარზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება. მათი განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციის დარეგულირებისთანავე სტიქიის ზონაში დროებით შეჩერებული სამუშაოები კვლავ აღდგება.

 

საქართველოს მთავრობის ცნობით, დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას  სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს.

დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. შსს-ს ცნობით, დაკარგულად მიიჩნევა 6 ადამიანი, რომელთაგან ორის ცხედარი იპოვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი