“რაც მარნეულში მოხდა, მაგაზე გუშინვე დაიწყო გამოძიება. ვინაიდან გამოცხადებულია მორატორიუმი არჩევენაბმდე, ჩვენ საგამოძიებო მოქმედებებს ჩავატარებთ, მაგრამ ვინც კონკრეტულად მიიღო ქმედებაში მონაიწლეობა, პასუხისგებაში მიეცემა”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილიც იმყოფებოდნენ. ჟურნალისტების კითხვას, გულისხმობს თუ არა იგი პოლიტიკურ ლიდერებსაც, მინისტრმა ასე უპასუხა:
“არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ჩაიდინა, ლიდერი იქნება თუ არალიდერი, პასუხისგებაში მიეცემა. დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა”.
კითხვას, რა სახის დარღვევბს ხედავს იგი მარნეულის მოვლენებში, ჭიკაიძე პასუხობს:
“უკანონოდ შეჭრა სხვის ტერიტორიაზე უკვე დარღვევაა, ხულიგნობის ფაქტიც გამოვლინდა, ცესკოზე ზეწოლა იყო, ცესკომ მოგვმართა, რომ მათზე ახორციელბდნენ ზეწოლას, ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და ასე შემდეგ. გამოძიება მიმდინარეობს”, – აღნიშნა ჭიკაიძემ.
გუშინ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოხსნა.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა კი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერებმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა ზუსტად 18:00 საათზე დატოვეს, რა დროსაც სამუშაო საათები ამოიწურა. გოგორიშვილი ამტკიცებს, რომ 18:00 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, იაკობ ასანიძეს ეს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონია და არც შესაბამისი სამართლებრივი აქტი არსებობდა.
‘ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანი ამის შემდეგ პოლიციამ შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება 18:00 საათის შემდეგ იქნა მიღებული და გაფორმებული, ეს არის დარღვევა და უკანონობა”, – უთხრა გოგორიშვილმა ნეტგაზეთს.
ცესკოში ვერ ასახელებენ კონკრეტულ საათს, თუ როდის მოაწერა ხელი საოლქო კომისიის თავმჯდომარემ შესაბამის გადაწყვეტილებას. ნეტგაზეთი მას პირადადაც დაუკავშირდა, თუმცა მის ტელეფონს სხვა ადამიანმა უპასუხა და გვითხრა, რომ იაკობ ასანიძე ცუდად გახდა, მას ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას და ვერ დაგველაპარაკება. საუბარი არც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა თანამშრომლებმა ისურვეს. “თავმჯდომარე გვყავს შეუძლოდ და მოგვიანებით დარეკეთ”, – აღნიშნა ოპერატორმა, რომელმაც მარნეულის ფიქსირებულ ნომერს უპასუხა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის საოლქო კომისია აკმამედ იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნას აპირებდა, ნაციონალურმა მოძრაობამ დილიდან გაავრცელა. მარნეულში ჩავიდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილი. ისინი უშუალოდ კომისიის შენობაშიც შევიდნენ, გარეთ კი პარტიის მხარდამჭერების აქციაც გაიმართა.
მარნეულში განვითარებულ მოვლენებს “ქართული ოცნებაც” გამოეხმაურა. კოალიციის განცხადებით, ეს ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება:
“მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მისცენ სათანადო კვალიფიკაცია”, – ნათქვამია მმართველი გუნდის განცხადებაში.







