როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სხდომაზე საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა გადაწყდა:
“მე გახლავართ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელმაც 45 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს სტრუქტურა და გაწეროს ბიზნეს–პროცესი. ეს იქნება ცალკე სტრუქტურა და არა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთი ქვედანაყოფი”, – აცხადებს სერგეენკო. საორგანიზაციო ჯგუფს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენ მთავრობის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე, ასევე იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები.
სოლიდარობის ფონდი საჯარო და კერძო სექტორიდან ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას მოემსახურება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფონდში დონაციების შეტანა ნებაყოფლობითი იქნება საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ინდივიდუალური მოქალაქეებისათვის, ასევე, კერძო კომპანიებისათვის.
სოლიდარობის ფონდის საქმიანობის ზედამხედველობას სამეთვალყურეო საბჭო განახორციელებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.