ახალი ამბები

ხარაგაულის სოფელ ვახანში მაჟორიტარული არჩევნები ჩაიშალა

6 ივნისი, 2014 •
ხარაგაულის სოფელ ვახანში მაჟორიტარული არჩევნები ჩაიშალა

ამის მიზეზი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მკვიდრის, რეინჯერ მერაბ არევაძის გარდაცვალების ფაქტია, რომელიც 2012 წლის 14 მაისს  გაუჩინარდა, ხოლო 18 მაისს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, რეინჯერს თავი ნაჯახით ჰქონდა გაჩეხილი.

 

“ყველა კანდიდატმა იმიტომ მოვხსენით კანდიდატურა, რომ მერაბ არევაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას არც ერთი ნაბიჯით წუაწევია წინ, სრულიად ტყუილი დაპირებებით მოდის დღემდე. ამიტომ ხალხს გამოვუცხადეთ სოლიდარობა და მოვხსენით კანდიდატურა,” – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი ვახანის თემში. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გია თევდორაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე დამნაშავე დღესაც იხდის სასჯელს:


“კანდიდატურების მოხსნა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განუყოფელ ნაწილად იქცა, მაგრამ ვახანის თემში მაჟორიტარმა კანდიდატებმა ყველას ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად  გადაწყვიტეს კანდიდატურების მოხსნა. საქმე ეხება იმას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამ სოფელში მაშინდელი ოპოზიციის პირველი დაპირება იყო სოფელში მოკლული რეინჯერის საქმის ხელახალი გამოძიება. წინა ხელისუფლების პირობებში ეს საქმე გამოძიებული იყო და დამნაშავე ახლაც სასჯელს იხდის, მაგრამ ვიღაცებს ჰქონდათ განცდა, რომ საქმე ობიექტურად არ იყო გამოძიებული. სამწუხაროდ, ამ კითხვას დღევანდელ დღემდე არ გასცემია პასუხი. ხელისუფლება ამ დაპირებასაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოეკიდა და სწორედ პროტესტის და არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოხატვის მიზნით მაჟორიტარებმა მოხსნეს კანდიდატურა. 5 სუბიექტი იყო და ხუთივემ მოხსნა კანდიდატურა.”

 

“ქართული ოცნებიდან” ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქმეზე ახალი გარემოებების გამოვლენის გამო გამოძიება განახლდა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ამ ფორმით გარდაცვვლილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს:

 

“გამოძიება განახლდა. მე ვახანში შევხვდი მოსახლეობას, მათ შორის გარდაცვლილის ოჯახს და მათ უკვე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო გამოძიება განახლდა. ამ გარემოებების გამო არ არის გამორიცხული “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დაიკითხონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც სავარაუდოდ ამ საქმესთან კავშირში არიან. სწორედ ეს იყო ოჯახის და სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხულიყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მალავდნენ რეალობას ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ადამიანებმა “ქართული ოცნებიდან” თავიანთი კანდიდატურების მოხსნით მორალური მხარდაჭრა გამოუცხადეს ოჯახს. ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი ამ მაღალჩინოსნების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარსულში ხარაგაულში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი