ახალი ამბები

პრემიერი: “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს არეულობა შეიტანოს საარჩევნო კამპანიაში

6 ივნისი, 2014 •
პრემიერი: “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს არეულობა შეიტანოს საარჩევნო კამპანიაში

“მინდა გამოვეხმაურო მართლაც აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც გუშინ ადგილი ჰქონდა მარნეულში, კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე გამოხატულ პირდაპირ ზეწოლას და საოლქო კომისიის შენობის შტურმით აღების მცდელობას. ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუშვებელია. ასეთი რამ ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ყოფილი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

მისივე თქმით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” და დღევანდელმა მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ დაუშვებს გაუმჭვირვალე, არათანაბარ საარჩევნო გარემოს საქართველოში.

“ისეთი არჩევნები, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნები, იყო უპრეცედენტო არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ იგივე პირობებში ჩავატაროთ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის.

 

თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”, ცდილობს გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი და დაძაბულობა და არეულობა შეიტანოს საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ძალიან პრინციპული საქმე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ ეხება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, მით უმეტეს, საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა არის ყოვლად დაუშვებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა საჩივარი, რომელიც ეხებოდა მარნეულში “ნაცმოძრაობის” გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამყულიევის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს იმ მოტივით, რომ ის კანონის შესაბამისად ბოლო ორი წლის მანძილზე არ ცხოვრობდა საქართველოში. ნაცმოძრაობაში აცხადებდნენ, რომ ანალოგიური საჩივრები “ქართული ოცნების” ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში არ დაკმაყოფილდა და ისინი არ დაუშვებდნენ განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ მათი კანდიდატის მიმართ. საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ ნაცმოძრაობის ლიდერები, რომლებიც კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდებდნენ, არ ჩაედინა უკანონობა. პარალელურად, შენობის გარეთ იმართებოდა ნაცმოძრაობის აქტივისტების საპროტესტო აქცია. საბოლოოდ, საოლქო კომისიამ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მაინც მოხსნა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ნაციონალები ცესკოში ასაჩივრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი