ოპოზიციის პრეტენზიები
საარჩევნო ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” განცხადებით, ბაღდათში მათი რაიონული ორგანიზაციის წევრს, ტარიელ ჟორჟოლიანს უცნობი პირები დაესხნენ თავს:
“შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟორჟოლიანს “არასაპარლამენტო ოპოზიციის” სააგიტაციო მასალა მიჰქონდა თავის სოფელში გასავრცელებლად. ბლოკის აგიტატორს უცნობმა პირებმა 2 ავტომანქანით გადაუღობეს გზა, გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაართვეს და გადაუყარეს სააგიტაციო მასალა”.
იმავე ბლოკის განცხადებით, გუშინ, 4 ივნისს თელავში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ოფისიდან გამოსვლისას თავს დაესხნენ მერობის მათ კანდიდატს, გიორგი მოსიაშვილს.
“თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსიაშვილი ავტომობილში ჩაჯდა. ამ დროს მას მიუახლოვდა პიროვნება, რომელიც ყელის გამოჭრით დაემუქრა და დანა მოიმარჯვა. მოსიაშვილის მეგობარმა, რომელიც საჭესთან იჯდა, მოასწრო მანქანის დაძვრა და თავდამსხმელს არ მიეცა ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება. თავდამსხმელმა გიორგი მოსიაშვილს უთხრა მიზეზი, რის გამოც მისთვის „ყელი უნდა გამოეჭრა“. ეს მიზეზია მოსიაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც მან ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და დამფინანსებელია, მონოპოლიურ ბიზნეს-საქმიანობაში დაადანაშაულა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, აღკვეთოს თელავში მონოპოლიები”, – ვკითხულობთ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” განცხადებაში.
საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისში მერობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადებით, მათი წარმომადეგნლების წინააღმდეგ ზეწოლა მიმდინარეობს სამხრეთ საქართველოშიც.
“დღეს დილით თავისი კანდიდატურა მოხსნა ახალციხეში ჩვენმა მერობის კანიდადატმა… “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ოპოზიციაზე ზეწოლა არ ხორციელდება, მაგრამ სინამდვილეში ძალადობა გრძელდება და მე მინდა დაგისახელოთ კონკრეტული გვარები ახალქალაქში, სადაც კონტრდაზვერვის თანამშრომლები, ვინმე თოფურია და და ლომსაძე ჩვენს კანდიდატებს პირდაპირ ურეკავენ და კანდიდატურების რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვენ. ახალციხეში, როგორც უკვე გითხარით, კანდიდატურა მოხსნა ნატალი სისვაძემ, რომელიც ძალიან აქტიური იყო, ის ცენტრალურ არხებზეც გამოდიოდა, მათ შორის იმედის ეთერით, რუსთავი 2-ის ეთერში, პირველ არხზეც იყო. უახლოეს დღეებში ახალციხეში იგეგმებოდა ჩვენი ლიდერების ვიზიტი და მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრის გამართვა. რამდენიმე დღის წინ მე თვითონ მქონდა მასთან სატელეფონო კონტაქტი, თუმცა დღეს მან ტელეფონი გამორთო, ეს სტანდარტული სქემაა და ისე, როგორც ხდება ხოლმე სიცილიურ თრილერებში, ვერც ჩვენ ვპოულობთ და ვერც საკუთარი შტაბი. ეს კონცენტრირებულად ხდება სამხრეთ საქართველოს ოლქებში, სადაც ოპოზიციას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მმართველ რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს”, – ამბობს კუკავა.
მსგავსი ტიპის ზეწოლაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც:
“ხელისუფლებამ საარჩევნო ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფორმა დაიწყო – ზეწოლა უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებზე, რათა მათ თითქოს „საკუთარი სურვილით“ უარი განაცხადონ კანდიდატობაზე. ზეწოლა მომდინარეობს, როგორც მაჟორიტარული წესით ასარჩევ, ასევე პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებზე. დასახელებულ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში ჩართულნი არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს პირდაპირი მუქარა, რომ საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს ან მათი ოჯახის წევრებს ჩაუდებენ იარაღს ან ნარკოტიკულ საშუალებას, დააპატიმრებენ, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები დაკარგავენ სამსახურს და აიძულებენ დაწერონ განცხადება. აღვნიშნავთ, რომ 2014 წლის 28 მაისის მდგომარეობით, „საკუთარი სურვილით“ კანდიდატობაზე უარი განაცხადა საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილმა 11-მა კანდიდატმა. განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტში, რაც ჩვენი აზრით, გასული, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარეზიდენტო კანდიდატის მაღალი შედეგითაა (41.53%) განპირობებული. დმანისში კანდიდატებზე ზეწოლის პროცესს ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე გიგანი”, – ნათქვამია ენმ-ს მიერ ცესკოსა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისათვის გადაგზავნილ წერილში.
ნაციონალური მოძრაობა ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს ცესკოსაც. პარტიის წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ” მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით მარნეულში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამყულიევის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს საარჩევნო კოდექსში დაფიქსირებული საქართველოში ცხოვრების 2-წლიანი ცენზი აქვს დარღვეული. თარხნიშვილის თქმით, იმამყულიევი ბიზნესმენია, საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ის ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ამიტომ მის მიმართ იგივე მიდგომა უნდა გავრცელებულიყო, რაც რუსთავსა და ფოთში “ქართული ოცნების” კანდიდატებთან დაკავშირებით დააფიქსირა ცესკომ, როდესაც ისინი რეგისტრაციიდან არ მოხსნა. მიუხედავად ამისა, მარნეულის საოლქო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დღეს რეგისტრაცია გაუუქმა, რის გამოც მარნეულში ნაციონლაური მოძრაობის წარმომადგენლების აქციაც გაიმართა. ოპოზიციური პარტია ამ გადაწყვეტილების უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გასაჩივრებას აპირებს.

არასამთავრობო სექტორი საარჩევნო დარღვევებზე
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – სამართლიანმა არჩევნებმა, საიამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 30 მაისს გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც 10 საარჩევნო ოლქში შესაძლო ზეწოლის 32 ფაქტია დაფიქსირებული.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ დარღვევებს ძირითადად იმ საარჩევნო ოლქებში აქვს ადგილი, სადაც ეთნიკური უმცირესობები არიან კომპაქტურად დასახლებული. ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანმა საქართველომ” ასეთ მუნიციპალიტეტებში პარტიების მიერ ზეწოლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ამ საკითხზე მომზადებული კვლევის პრეზენტაციას ხვალ, 6 ივნისს გამართავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არნოლდ სტეფანიანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მათ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საარჩევნო ოლქებში დაახლოებით 30 საარჩევნო დარღვევა დააფიქსირეს, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლებს ეხება:
“ზეწოლის ფაქტები დაფიქსირებულია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაზე, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. ჩვენ გადავამოწმეთ პარტიების განცხადებები ზეწოლებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ნაწილი დასტურდება და ნაწილი – არა. მე გეტყვით იმ ფაქტების შესახებ, რომელთა თაობაზეც აქამდე არ იყო ცნობილი. მაგალითად, გარდაბანში ნაციონალური მოძრაობის წევრზე დასტურდება ზეწოლა, რომელიც პროპორციულ სიაშია… ნაციონალურ მოძრაობას დეკლარირებული აქვს, რომ მის მიმართ ზეწოლას ადგილი ჰქონდა ქვემო ქართლის პოლიციის მხრიდან, ამას არ ვადასტურებთ, მაგრამ ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ გარდაბანში “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის უფროსმა მას სამსახური შესთავაზა, თავისი კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ.
დმანისთან დაკავშირებით 3 ფაქტიდან დასტურდება ორი ზეწოლა და ერთის შემთხვევაში არის შემდეგი სურათი: ერთი კანდიდატი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის სიიდან კანდიდატურა მოხსნა, სინამდვილეში “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. აქ ზეწოლაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტია, პრაქტიკულად, ეს ადამიანი.
ახალქალაქზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი შემთხვევა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც მათმა ერთმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, თუმცა ნაციონალების შტაბის უფროსი ზეწოლას არ ადასტურებს.
ნინოწმიდანში ნინო ბურჯანაძის ბლოკიდან მოხსნა რამდენიმე ადამიანმა კანდიდატურა, თუმცა ორ შემთხვევაში აღმოჩნდა ის, რომ ერთს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონია, რომ სიაში იყო და ეს მაშინ გაიგო, როცა საარჩევნო კომისიიდან დაურეკეს შესამოწმებლად. მეორეს ეგონა, რომ “ქართული ოცნების” სიაში ეწერა და არ იცოდა, რომ ნინო ბურჯანაძის სიაში იყო. ასეთი ფაქტებიც არის. მთლიანობაში რომ შევადაროთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ან 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ზეწოლების მხრივ უფრო მშვიდი ვითარებაა, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იზრდება დარღვევების ანდა ზეწოლის ფაქტების ტენდენცია”, – აცხადებს არნოლდ სტეფანიანი.
ოპოზცია – “უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები არაეფექტურია”
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების თემაზე უკვე 2008 წლიდან მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც ახალი ხელისუფლების პირობებში უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა იმ მოტივით, რომ იუსტიციის მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრია და კომისიის მუშაობის ეფექტიანობა გაიზრდებოდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები მაინც უკმაყოფილონი არიან. მათი თქმით, კომისიის რეკომენდაციები უმეტეს შემთხვევაში არ სრულდება:
“უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგი არის აბსოლუტურად ნული, ისევე, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის… მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ [თეა] წულუკიანსაც და ქალბატონ [თამარ] ჟვანიასაც თანაგრძნობისა და თანადგომისათვის, მაგრამ ეს უფრო ფსიქოთერაპევტის ფუნქციაა… შედეგები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ნულის ტოლფასია”, – აცხადებს კახა კუკავა.
“უწყებათაშორისმა კომისიის რეკომენდაციებს არავინ ყურადღებას არ აქცევს და ამის შესახებ არასამთავრობო ოგრნაიზაციებმაც განაცხადეს. მარტივი მაგალითი ავიღოთ, ის პრობლემური სიტუაცია, რომელიც დმანისში შეიქმნა… ამ საკითხზე მთავრობის პოზიცია გააჟღერა არა მინისტრმა წულუკიანმა, რომელსაც ეს ეხება უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეობის გამო, არამედ კახა კალაძემ. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ აღიქავმენ უწყებათაშორისი კომისიას მთავრობაში და როგორ აპირებენ მისი რეკომენდაციების შესრულებას”, – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას პარტიების შენიშვნებზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკური ნება არ ექნება, საქმეს არც ის უშველის, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებს რომ სავალდებულო შესრულების ხასიათი მიენიჭოს და ეს კანონში ჩაიწეროს:
“ეს კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ გაადვილებულიყო კომუნიკაცია მთავრობასთან და პრობლემებზე მყისიერი რეაგირება მომხდარიყო. ეს აზრი ჩაიდო. შეიძლება უფრო შორს წასვლა და კანონში იმის ჩადება, რომ მის რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი მიეცეს, მაგრამ მთავარია პოლიტიკური ნება, რომ ჩატარდეს წესიერი არჩევნები და შეიქმნას ნორმლაური საარჩევნო გარემო. თუ არ ენდომებათ, არც ამ რეკომენდაციებს შესარულებენ და ყოველთვის იპოვნიან გამართლების საშუალებას”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებებს არ იზიარებენ კოალიცია “ქართულ ოცნებაში”. ცესკოში მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ერთეული შემთხვევით ზოგადად საარჩევნო გარემოზე მსჯელობა არ შეიძლება. მან ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლები ამ კუთხით ისტერიის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა:
“სამართალდამცავი ორგანოები მოწადინებული არიან, რომ ქვეყანაში ნებისმიერი სამართალდარღვევა თავიდან იქნას აცილებული, ხოლო თუ ასეთი მოხდება, ის უნდა გამოიძიონ. ამისთვის არსებობს უწყებათაშორისი კომისიის ფორმატი, ცესკოს კომპტენციას არ განეკუთვნება სავარაუდო ან უკვე განხორციელებული დარღვევების შესახებ საკითხების გამოკვლევა. უწყებათათაშორისი კომისია ის ორგანოა, რომელშიც როგორც შსს-ს, ასევე, პროკურატურის წარმომადგენელბი არიან და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტური პასუხი გაეცემა ოპოზიციის ყველა პრეტენზიას.”, – აღნიშნავს ჯანდიერი.
ოპოზიციის წარმომადგენლების ძირითადი მოთხოვნა მათ მიერ დასახელებული შესაძლო ზეწოლისა და ძალადობის ფაქტების ადეკვატურ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც, მათი თქმით, ხშირად სწორედ პოლიციის წარმომადგენელბისაგან მომდინარეობს. შსს-ში კი ამ ფაქტს კეტეგორიულად უარყოფენ:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ზეწოლის ან მუქარის ფაქტი კონკრეტული პოლიციელის მხრიდან, ის კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება”, – ნათქვამია შსს-ს მიერ 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ თელავში “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მერობის კანდიდატის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება უკვე გამოძიებულია. დაკავებულია ერთი პირი.
“რაც შეეხება საგამოძიებო უწყებებს და მათ ეფექტურობას ზეწოლებთან დაკავშირებით, მე არ მაქვს ინფორმაცია, იყო თუ არა რაიმე გადაწყვეტილება, თუმცა საარჩევნო ადმინსიტრაციაში რაც კი შემოდის ზეწოლების თაობაზე, ჩვენ პირდაპირ ვუგზავნით სამართალდამცავ უწყებებს, იმიტომ, რომ ეს არის მათი კომპტენცია”, – ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ნეტგაზეთის შეკითხვას, რამდენად ეფექტურია ხელისუფლების რეაქცია ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხებზე.
არჩევნებამდე 10 დღით ადრე ჟვანია არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში ნეგატიური საარჩევნო გარემო არსებობს:
“დღევანდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ წინასაარჩევნო გარემოს, მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ბევრი და სისტემური ხასიათის პრობლემებია. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ სტატისტიკით, რა რაოდენობის ინფორმაციაც საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოდის და ასევე გვეგზავნება უწყებათაშორისი კომისიიდან. ძირითადი პრობლემები, რაც ჩვენთან შემოდის, უკავშირდება სააგიტაციო პლაკატების დაზიანება-ჩამოხევას, განდაგურებას, გადაფარავს და ამ საკითხებს ვუგზავნით თვითმმართველობის ორგანოებს, რადგან მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე ადმინისტრაციული რესურსების თემასთან დაკავშირებით შემოდის გარკვეული საკითხები. როგორც ცესკოში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიერ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, ამიტომ ჩვენგან ყველაფერზე ადეკვატური რეაგირებაა, თუმცა ეს არ არის ისეთი მასშტაბების მქონე, რომ ზოგადად რაიმე ნეგატიური შეფასების გაკეთება შეიძლებოდეს”, – ამბობს ჟვანია.
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ დროისთვის მათთან 51 საჩივარია შესული. ჯერ უცნობია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული განცხადებების რაოდენობა. ნეტგაზეთს ცესკოში განუმარტეს, რომ ეს ინფორმაცია შუალედური ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნდება.