საქართველოს მთავარი პროკურატურა

ონში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ონში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას სწორედ პროკურატურა ითხოვდა.

მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს  7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღესვე, გამოძიების დასრულებამდე, შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელს, რომელიც, უწყების ცნობით, მომხდარს შეესწრო. ამავე მიზეზით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადააბარა.

ონში 22 ნოემბერს დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ღუდუშაურის კლინიკის ექიმი მარინა გელანტია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც იგი გუშინ ონიდან თბილისში გადმოიყვანეს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ბურდილაძეს 7 საათის დაგვიანებით ჩაუტარდა ოპერაცია და სწორედ ამით არის განპირობებული მისი მდგომარეობის სიმძიმე. აღნიშნულს ცილისწამებად აფასებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც ღუდუშაურის კლინიკაში დღეს, 23 ნოემბერს იმყოფებოდა.

რა მოხდა ონში 22 ნოემბერს

ინციდენტი ონში გუშინ, 22 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე ცივი იარაღით დაჭრეს. ოპოზიცია და ქალაქ ონის მერი მომხდარის განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ.

“ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, წუხელ, 23:30 საათზე, ნოდარ ბურდილაძეს სახლში მიაკითხეს “ოცნების” აქტივისტებმა კ.ი-მ და გ.მ-მა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი, რის შედეგადაც, მას ცივი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს მუცლის არეში.

მისი თქმით, ბურდილაძის სახლთან პოლიციის მანქანის სწრაფად მისვლა ვერ მოხერხდა, რის გამოც ეს უკანასკნელი თავის ავტომობილში ჩაჯდა და თვითონ გაემართა საავადმყოფოს მიმართულებით. მელიას ინფორმაციით, ბურდილაძემ გზაში გონება დაკარგა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. 10 წუთის შემდეგ ის გონზე მოვიდა და საავადმყოფოში ფეხით მივიდა.

ოპოზიციის ლიდერი ირწმუნება, რომ საავადმყოფოს კონტაქტი ჰქონდა ონის მერთან, ემზარ საბანაძესთან, რომელიც შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამაა. მისი თქმით, ისინი ცდილობდნენ, ბურდილაძე არა ცივი იარაღით დაჭრილად, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულად გაეფორმებინათ. მელია აცხადებს, რომ დაჭრილს რამდენიმე საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ავარიით დაზარალებულად ვერ გააფორმებდნენ, რეანომობილით თერჯოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ონის მერი ემზარ საბანაძე “ნეტგაზეთთან” ადასტურებს, რომ ის ღამით ონის საავადმყოფოში მართლაც იმყოფებოდა ბურდილაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მელიას მონათხრობს უარყოფს და მას სისულეებს უწოდებს.

თავის მხრივ, შსს ირწმუნება, რომ შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან