ონში დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

ონში 22 ნოემბერს დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ღუდუშაურის კლინიკის ექიმი მარინა გელანტია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც იგი გუშინ ონიდან თბილისში გადმოიყვანეს.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ის იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს კვლევების, მკურნალობისა და მონიტორინგის პროცესი, რომელიც, სავარუდოდ, შედეგს მოგვცემს”, – განაცხადა გელანტიამ.

ექიმი ვერ პასუხობს კითხვას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა თუ არა დაგვიანებულმა მკურნალობამ.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ბურდილაძეს 7 საათის დაგვიანებით ჩაუტარდა ოპერაცია და სწორედ ამით არის განპირობებული მისი მდგომარეობის სიმძიმე.

“ექიმები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მის ორგანიზმზე. დაწყებულია  პერიტონიტის პროცესი. აქვს მაღალი სიცხე და ფილტვების ანთება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ოთარ სირაძემ.

ღუდუშაურის კლინიკაში დღეს იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

“პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასეთი დაზიანებების შემდეგ, პაციენტს ძალიან სერიოზული ინტენსიური თერაპია სჭირდება. ახლა ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას, რადგან, როგორც წესი, ასეთი დაზიანებები ხანგრძლივ მართვას მოითხოვს. პაციენტის პირველადი მონაცემები რაც იყო, მართლაც ჰგავდა ავტოსაგზაო შემთხვევას, თუმცა მალევე, გასინჯვის დროს, აღმოჩენილ იქნა, რომ აქ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები იყო. დახმარება და ქირურგიული მკუნალობაც შესაბამისად წარიმართა”, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა ცილისწამებად შეაფასა ბრალდებები იმის შესახებ, რომ მედიკოსებმა პოლიტიკური ნიშნით დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება დაჭრილს.

“გუშინ მოვისმინე შეფასებები, რომელზეც გაოცებული ვარ. რანაირად შეიძლება ადამიანს ენა მოუბრუნდეს იმაზე და თქვას, რომ ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს შეგნებულად, რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ აღმოუჩინა დახმარება. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ექიმისთვის არ ვიცი და არავის ვურჩევდი, რომ ექიმებისთვის ღირსების შელახვას ეცადონ”, – განაცხადა სერგეენკომ.

გაერთიანებული ოპოზიციის (“ძალა ერთობაშია”) ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ონში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დაჭრეს. ონის მერი ამ ინფორმაციას უარყოფს. ნიკა მელიას ინფორმაციით, წუხელ, 23:30 საათზე, ნოდარ ბურდილაძეს სახლში მიაკითხეს “ოცნების” აქტივისტებმა კ.ი-მ და გ.მ-მა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი, რის შედეგადაც, მას ცივი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს მუცლის არეში.

მისი თქმით, ბურდილაძის სახლთან პოლიციის მანქანის სწრაფად მისვლა ვერ მოხერხდა, რის გამოც ეს უკანასკნელი თავის ავტომობილში ჩაჯდა და თვითონ გაემართა საავადმყოფოს მიმართულებით. მელიას ინფორმაციით, ბურდილაძემ გზაში გონება დაკარგა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. 10 წუთის შემდეგ ის გონზე მოვიდა და საავადმყოფოში ფეხით მივიდა.

მელიას ინფორმაციითვე, საავადმყოფოს კონტაქტი ჰქონდა ონის მერთან, ემზარ საბანაძესთან, რომელიც შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამაა. როგორც ნიკა მელია ირწმუნება, ისინი ცდილობდნენ, ბურდილაძე არა ცივი იარაღით დაჭრილად, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულად გაეფორმებინათ. მელია აცხადებს, რომ დაჭრილს რამდენიმე საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ავარიით დაზარალებულად ვერ გააფორმებდნენ, რეანომობილით თერჯოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, პაციენტი თერჯოლის საავადმყოფოში დილის 6 საათზე შევიდა.

ნიკა მელიას ინფორმაციით, დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ონის მერი ემზარ საბანაძე “ნეტგაზეთთან” ადასტურებს, რომ ის ღამით ონის საავადმყოფოში მართლაც იმყოფებოდა ბურდილაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მელიას მონათხრობს არ ადასტურებს და მას სისულეებს უწოდებს.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტრო ირწმუნება, რომ შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ამავე თემაზე:

მელიას თქმით, ონში მათი შტაბის უფროსი “ოცნების” აქტივისტებმა დაჭრეს, მერი – უარყოფს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.