ახალი ამბები

გუნავა ქარდავას მკვლელობის საქმეზე პრემიერის განცხადებას არჩევნებს უკავშირებს

5 ივნისი, 2014 • • 1379
გუნავა ქარდავას მკვლელობის საქმეზე პრემიერის განცხადებას არჩევნებს უკავშირებს

როგორც გუნავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, პრემიერის ეს განცხადება სავარაუდოდ უკავშირდება შიშს, რომ მათი კანდიდატი სამეგრელოში ვერ გაიმარჯვებს და ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებებით მისი სახელის დისკრედიტაციას ცდილობს. თენგიზ გუნავა სამეგრელოში გამგებლობის კანდიდატია.

 

“დღეს რა ზღაპრებსაც ყვებიან, ეგ არის დაკავშირებული წინასაარჩევნო გარემოებებთან, იციან, რომ ზუგდიდში აგებენ და ამის გამო გადაწყვიტეს, რომ ჩემი სახელის დისკრედიტაცია მოახდინონ. პრემიერ–მინისტრი უაპელაციოდ საუბრობს თენგიზ გუნავაზე. ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ნარკოტიკის ჩადებით მოვეშორებინე, ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ, ვერაფერს ვერ გახდა და ახლა ეშინია, რომ მე ვუგებ. თუ მაინცდამაინც უნდოდათ მოგება, წესიერი კანდიდატი დაეყენებინათ, თუ პრობლემა შეექმნებოდათ, შეიძლება ამის გამო გაჭირვებული ოჯახის პოლიტიკურ საკითხებში გახვევა? მარაზმია, ძალიან სამწუხარო ფაქტია”, – აცხადებს თენგიზ გუნავა. მას არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაჟღერებული ვერსიის სჯერა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ საქმეზე ბრალი რომან შამათავას დაუმძიმდა:


“ძალიან გაკვირვებული ვარ, რატომღაც შამათავა ახსენდებათ არჩევნების წინ, ეს რასაც ნიშნავს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. რასაც შამათავაზე ამბობენ, მე არ მგონია, ეს სიამრთლეს შეესაბამებოდეს”


თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე ის პროკურატურას არ დაუკითხავს:


“ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია, ერთადერთი ის არის, რომ ეს არის ომისდროინდელი საქმე, მაშინ რთული ვითარება იყო, ბუნებრივია, და ჩვენ, თუ არ ვცდები, ხურჩის საზღვართან ვიპოვეთ მანქანა. ამის შემდეგ იყო ვერსია, თითქოს ეს ადამიანი[პაატა ქარდავა] იქით იყო, ამაზე ვმუშაობდით ძირითადად, მეტი მე ამ საქმეზე არაფერი არ ვიცი”, – აცხადებს თენგიზ გუნავა.


თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

მასალების გადაბეჭდვის წესი