ახალი ამბები

ორმაგი სტანდარტი? – მარნეულში ენმ-ის გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნეს

5 ივნისი, 2014 •
ორმაგი სტანდარტი? – მარნეულში ენმ-ის გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნეს

ნაციონალური მოძრაობის  წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა კი, რომელიც დღეს ადგილზე იმყოფებოდა, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერებმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა ზუსტად 18:00 საათზე დატოვეს, რა დროსაც სამუშაო საათები ამოიწურა. გოგორიშვილი ამტკიცებს, რომ 18:00 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, იაკობ ასანიძეს ეს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონია და არც შესაბამისი სამართლებრივი აქტი არსებობდა.


‘ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანი ამის შემდეგ პოლიციამ შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება 18:00 საათის შემდეგ იქნა მიღებული და გაფორმებული, ეს არის დარღვევა და უკანონობა”, – უთხრა გოგორიშვილმა ნეტგაზეთს.


ცესკოში ვერ ასახელებენ კონკრეტულ საათს, თუ როდის მოაწერა ხელი საოლქო კომისიის თავმჯდომარემ შესაბამის გადაწყვეტილებას. ნეტგაზეთი მას პირადადაც დაუკავშირდა, თუმცა მის ტელეფონს სხვა ადამიანმა უპასუხა და გვითხრა, რომ იაკობ ასანიძე ცუდად გახდა, მას ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას და ვერ დაგველაპარაკება. საუბარი არც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა თანამშრომლებმა ისურვეს. “თავმჯდომარე გვყავს შეუძლოდ და მოგვიანებით დარეკეთ”, – აღნიშნა ოპერატორმა, რომელმაც მარნეულის ფიქსირებულ ნომერს უპასუხა.


ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის საოლქო კომისია აკმამედ იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნას აპირებდა, ნაციონალურმა მოძრაობამ დილიდან გაავრცელა. მარნეულში ჩავიდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილი. ისინი უშუალოდ კომისიის შენობაშიც შევიდნენ, გარეთ კი პარტიის მხარდამჭერების აქციაც გაიმართა.


ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათი გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ” მოითხოვა, რომელსაც ადვოკატი ემზარ პაქსაძე წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი ეყრდნობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლს, რომლის თანახმად კანდიდატი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ნაცმოძრაობის გამგებლობის კანდიდატს ეს მოთხოვნა დარღვეული აქვს.


იმამყულიევი
იმამყულიევი


არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელთა მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც მარნეულში მოვლენების განვითარებას აკვირდება, აკმამედ იმამკულიევი უცხოეთში 14 ვიზიტით (ჯამში, წლის განმავლობაში 310 დღემდე) იმყოფებოდა და თითოეული ეს ვიზიტი გახლდათ პირადი.


„მრავალეროვანი საქართველო“ ამ ფაქტს აფასებს, როგორც ზეწოლას კანდიდატზე. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას კი აფასებს, როგორც მიკერძოებულს”, – ნათქვამია ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

 

ნაციონალური მოძრაობა ცესკოს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ამბობს, რომ ზუსტად ანალოგიურ შემთხვევებში, როდესაც საქმე ქვეყანაში 2-წლიანი ცხოვრების ცენზს ეხებოდა, ცესკომ რუსთავში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ხოლო ფოთში გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციიდან არ მოხსნა. ამის შესახებ ნეტგაზეთს დღეს ლევან თარხნიშვილმა უთხრა. მისი თქმით, მარნეულის შემთხვევა, ასევე ის ფაქტი, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა გორში მერობის კანდიდატად დარეგისტრირება ვერ შეძლო, მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციისთვის ქვეყანაში სხვა სტანდარტი არსებობს, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატებისთვის სხვა მიდგომა მოქმედებს.


20 მაისს საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფოთის და რუსთავის სახელისუფლებო კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობას ისევ შეძლებენ, იმის მიუხედავად, რომ მათ ბოლო ორი წლის მანძილზე მუდმივად არ უცხოვრიათ საქართველოში, რასაც საარჩევნო კოდექსი მოითხოვს.  ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხმა წინააღმდეგ მისცა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევებზეც უნდა შენარჩუნებულიყო ერთგვაროვანი პრაქტიკა, რადგან ცესკომ ზუსტად ანალოგიური ნიშნით სამი კვირის წინ გაუუქმა რეგისტრაცია ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამავე ქალაქის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.


თარხნიშვილის თქმით, მარნეულში მათ კანდიდატს, რომელიც ბიზნესმენია და მოგზაურობა ამის გამო უწევს, ძალიან დიდი შანსები აქვს და სწორედ ამას უკავშირდება მისი მისამართით განხორციელებული ქმედებები. 


ამ დროისთვის მარნეულში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კვლავ რჩებიან. ამის თაობაზე ცესკომ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა:


“ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულის საარჩევნო ოლქში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან დაუშვებელია. საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლების მიერ მარნეულის საარჩევნო ოლქში განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად. მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და პოლიტიკურ ძალას, არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად”.


ნაცმოძრაობას მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების გასაჩივრება ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეუძლია, ხოლო შემდგომ- ორი ინსტანციის სასამართლოში. დღეს ამ ფაქტთან კავშირი უარყო “ქართულმა ოცნებამ”. ცესკოში კოალიციის წარმომადგენელმა დავით ჯანდიერმა განაცხადა, რომ კოალიცია საერთოდ საქმის კურსში არ არის, თუ რატომ დადგა მარნეულში ნაცმოძრაობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი დღის წესრიგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი